Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულზე აღინიშნა ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შემთხვევები


აშშ-ში 4 ივლისის, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულს თან ახლდა ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შეთხვევები, რასაც სულ მცირე ორი ათეული ადამიანი ემსხვერპლა და ბევრი დაიჭრა.

3 ივლისის ღამის შემდეგ ჩიკაგოში იარაღი ესროლეს სულ მცირე 73 ადამიანს, მათგან 13 დაიღუპა - იუწყება ადგილობრივი მედია.

ნიუ-იორკში შაბათ-კვირას მომხდარი ძალადობის შედეგად ესროლეს 42 ადამიანს, დაიღუპა ექვსი მათგანი.

ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში ძალადობის შემთხვევების მატებამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყურადღება მიიქცია, რომელმაც დემოკრატების მიერ მართულ ქალაქებს "კანონის და წესრიგის" დამყარებისკენ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც ამ ქალაქებში კვირების განმავლობაში მიმდინარეობს აქციები რასიზმის და საპოლიციო სისასტიკის წინააღმდეგ. აქციები ძირითადად მშვიდობიანი ხასიათისაა, თუმცა დროდადრო არის მაროდიორობის და ძალადობის შემთხვევები.

არ დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღით მომხდარი ძალადობის შემთხვევების კავშირი საპროტესტო აქციებთან, რომლებსაც ბიძგი მისცა მაისის ბოლოს აფრიკელი-ამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა პოლიციელთა ხელში. თუმცა, ძალადობის ფონია დაფინანსების შემცირება პოლიციის რამდენიმე დეპარტამენტისთვის, ნიუ-იორკის პოლიციის ჩათვლით, დემონსტრანტების და ქალაქის კანონმდებლების ზეწოლის შედეგად. პოლიციის განყოფილებები, მათი პროფკავშირები და ზოგიერთი პოლიციელი გამოდიან პოლიციისთვის დაფინანსების შემცირების და ამით პოლიციელთა სამუშაო შემართების დასუსტების წინააღმდეგ.

ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, "ჩიკაგოში და ქალაქ ნიუ-იორკში დანაშაულის მონაცემები ძალიან გაზრდილიაო". მან ნიუ-იორკის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს და ქალაქ ნიუ-იორკის მერს, ბილ დე ბლასიოს მოუწოდა "დაუყოვნებლივ იმოქმედონ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG