Accessibility links

პროკოპიევა მოსამართლემ დამნაშვედ ცნო, თუმცა მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა


განაჩენის გამოცხადებისთანავე, მოქალაქეებმა პირდაპირ სასამართლოს წინ დაიწყეს სვეტლანა პროკოპიევასთვის სასჯელის სახით დაკისრებული 500 000 რუბლის შეგროვება.

რუსი ჟურნალისტი სვეტლანა პროკოპიევა, ბრალდებული „ტერორიზმის გამართლების“ მუხლით, 6 ივლისს ფსკოვის სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

თუმცა სასამართლომ უარყო პროკურორის თხოვნა განსასჯელის ექვსი წლით კოლონიაში გაშვების თაობაზე და პროკოპიევას ჯარიმის სახით დააკისრა 500 000 რუბლამდე, ანუ 6 700 ამერიკულ დოლარამდე, თანხის გადახდა.

ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა პროკურორის მეორე თხოვნა და არ ჩამოართვა ჟურნალისტს 4 წლით პროფესიული საქმიანობის უფლება. იმით, რომ არ აუკრძალეს პროფესიული საქმიანობა, სვეტლანა პროკოპიევა კმაყოფილია, მაგრამ აცხადებს, რომ აუცილებლად გაასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას.

ჟურნალისტმა სასამართლოს სხდომის შემდეგ კვლავ გაიმეორა, რომ მისი სტატია, რომელიც ბრალდებას დაედო საფუძვლად, მიზნად ისახავდა მცირეწლოვნის მიერ მოწყობილი ტერაქტის სოციალურ მიზეზებზე საუბარს და არა „ტერორიზმის გამართლებას“.

„არ გვტოვებს უსამართლობის განცდა"

განაჩენის გამოცხადებისას ფსკოვის სასამართლოში სრული ანშლაგი იყო: ჟურნალისტის მხარდასაჭერად მთელი რუსეთიდან ჩავიდნენ ჟურნალისტები, აქტივისტები, პოლიტიკოსები და, უბრალოდ, გულშემატკივრები.

პროკოპიევას მხარდასაჭერად ხმა აღიმაღლეს ცნობილმა რუსმა ჟურნალისტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა.

მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ, პაველ გუსევმა, ფსკოვის პროკურატურას უწოდა „სრულიად არაკომპეტენტური“, ხოლო რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ ადამიანის უფლებათა საბჭოში, საპატიმრო ვადის მოთხოვნა პროკურატურის მხრიდან „აბსურდულად“ მიიჩნიეს.

სვეტლანა პროკოპიევა, რომელიც რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ფრილანსერიც არის, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს უწოდებს რუსეთში „სიტყვის თავისუფლების მკვლელობას“.

„სვეტლანას დამნაშავედ ცნობა ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ არსებობს ჟურნალისტთა დაცვა სახელმწიფოს უხეში ძალისგან“, - განაცხადა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დეიზი სინდელარმა, და დასძინა: „მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე მოგვაგონებს საჩვენებელ პროცესებს, რომელთაც საბჭოთა ხელისუფლება კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებდა. ეს არის დამთრგუნველი თავდასხმა სიტყვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი პრესის მისიაზე“.

ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა, ვლადიმირ პოზნერმა, დღევანდელი რუსეთის პირობაზე „დიდი გამარჯვება“ უწოდა იმ ფაქტს, რომ მოსამართლემ ჟურნალისტი ციხეში არ გაუშვა.

ვლადიმირ პოზნერი: „ნებსით თუ უნებლიეთ, გვიწევს ვაღიაროთ, რომ იგი [სვეტლანა] იოლად გამოვიდა, რადგან ყველამ ვიცით, თუ რა ვადით პატიმრობას ითხოვდა მის მიმართ პროკურატურა. ამიტომ თითქოს უნდა გვიხაროდეს კიდეც, მაგრამ უსამართლობის განცდა არ გვტოვებს. და, რა თქმა უნდა, ამ საქმით ჟურნალისტებმა მიიღეს სიგნალი, რომ ნებისმიერი გამონათქვამი, რომელიც შესაძლოა არ მოეწონოს ადგილობრივ ხელისუფლებას, - ფედერალურზე აღარაფერს ვამბობ, - შესაძლოა დასრულდეს განაჩენის გამოტანით. სვეტლანა პროკოპიევას გამოესარჩლა მრავალი ცნობილი და პატივსაცემი ადამიანი. იმედი მაქვს, რომ ამან გარკვეული გავლენა მოახდინა დღევანდელ განაჩენზე“.

„ფიქრი აღარაა საჭირო?“

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ფრილანსერი ჟურნალისტის, სვეტლანა პროკოპიევას, წინააღმდეგ რუსეთის პროკურატურამ შარშან თებერვალში აღძრა საქმე ტერორიზმის გამართლების მუხლით, მის მიერ ქალაქ არხანგელსკში მომხდარი აფეთქების შესახებ რადიოსადგურ „ეხო მოსკვა ფსკოვის“ ეთერში 2018 წლის ოქტომბერში გამოთქმული შეფასებების გამო.

როდესაც არხანგელსკში, ფედერალური უშიშროების სამსახურის რეგიონალური ოფისის წინ, 17 წლის მიხაილ ჟლობნიცკის მიერ მოწყობილი თავდასხმის შესახებ ლაპარაკობდა, სვეტლანა პროკოპიევამ მოზარდის საქციელი ქვეყანაში შექმნილ „პოლიტიკურ კლიმატს“ დაუკავშირა. პროკოპიევა, კერძოდ, წერდა, ქვეყანაში მკაცრადაა შეზღუდული პოლიტიკური აქტივიზმი, რაც ადამიანებს სასოწარკვეთაში აგდებსო.

ოლეგ ბასილაშვილი, სახალხო არტისტი: „როდესაც ერთმა ცნობილმა პოეტმა [ვლადიმირ მაიაკოვკსიმ - რედ.] თავის ქვეყანას უწოდა „თოვლიანი სიმახინჯე“, ეს შესაძლოა გაგებული ყოფილიყო როგორც თავისი ქვეყნისადმი სიძულვილი, მაგრამ იგი რეპრესიებში არ მოყოლილა. ან, როდესაც მეორე პოეტმა დაწერა: „Прощай, немытая Россия, страна рабов, страна господ", არც ის დასჯილა, რადგან ეს არის პოეტის აზრი და მას ყური უნდა მივუგდოთ. მე ვხედავ ასეთ სურათს - დახუფულ ჩაიდანსა და ქვაბს. თუ სახურავს სულ მუდამ დახუფულ მდგომარეობაში ვამყოფებთ, მაშინ ორთქლი ქვაბს გაგლეჯს, ხოლო თუ ორთქლს გამოვუშვებთ, მაშინ წყალი, უბრალოდ, ადუღდება, წყლის დუღილი კი სასიკეთოდ მოქმედებს სახელმწიფოს მომავლისთვის. დუღილი - ესაა აზრი, ესაა მოსაზრებათა ჭიდილი. და ჩემი სიტყვა - ეს არის არა საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის სიტყვა, არამედ განაზრება. ჰოდა, რა, ახლა მეც რეპრესიები უნდა დამიწესონ? ფიქრი საჭირო აღარაა? არ შეიძლება დავეშვათ იმ ქვეყნის დონეზე, რომელიც ჩვენ 1945 წელს დავამარცხეთ“.

რეპრესიების საფრთხეზე ილაპარაკა სასამართლოზე წარმოთქმულ თავის საბოლოო სიტყვაში ჟურნალისტმა სვეტლანა პროკოპიევამ, რომელმაც აღნიშნა, რომ დაუშვებელია სახელმწიფო ინტერესებით, „მაღალი მიზნებითა“ და „კეთილშობილური მოტივებით“ სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა.

სვეტლანა პროკოპიევა: „შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, თუ როდის მივა საკონცენტრაციო ბანაკამდე და დახვრეტამდე ადამიანის უფლების შეზღუდვა და განსხვავებული აზრის დევნა.

ისტორია გვასწავლის, რომ შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკისა და პროპაგანდის არსებობის შემთხვევაში, ასეთი გარდასახვა შესაძლებელია კულტურულ და ცივილიზებულ საზოგადოებაშიც.

სწორედ ამიტომაა საჭირო სიტყვის თავისუფლება - დროულად რომ დაარისხო განგაშის ზარები.

საჭიროა დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები, რათა დროულად უთხრა მმართველ პარტიას: „ეი! თვალი გაახილეთ! თქვენ სახიფათო გზას ადგახართ!“

სწორედ ამიტომ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის კრიტიკის მთავარი და ძირითადი ობიექტი ყოველთვის იყო და იქნება სახელმწიფო ხელისუფლების სისტემა, იძულების აპარატით, რომელიც შეიძლება მასობრივი რეპრესიის ინსტრუმენტად გადაიქცეს“.

ვინ გადაიხდის ფულად ჯარიმას?

სხვათა შორის, ფსკოვის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სვეტლანა პროკოპიევას სამუშაო ნოუთბუკი, როგორც იტყვიან, კონფისცირებულ იქნა სახელმწიფოს სასარგებლოდ. სამაგიეროდ, ჟურნალისტს დაჰპირდნენ, რომ დაუბრუნებენ პირად აიფონს, რომელიც გამომძიებლებმა ორი წლის წინ ამოიღეს ჩხრეკის დროს პროკოპიევას სახლიდან.

6 ივლისს, ფსკოვის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე, მოქალაქეებმა პირდაპირ სასამართლოს წინ დაიწყეს სვეტლანა პროკოპიევასთვის სასჯელის სახით დაკისრებული 500 000 რუბლის შეგროვება. თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, ჯერ კიდევ წინ არის სააპელაციო სასამართლო.

ცნობილმა სტენდაპ-კომიკოსმა, დანილა პოპერეჩნიმ, განაცხადა, რომ მზად არის თავად გადაიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა. „თუ სვეტლანა, რაღაც გარემოებების გამო, ვერ შეძლებს ამ უსამართლო განაჩენის გასაჩივრებას, მზად ვარ გადავეფარო და პირადად ვიტვირთო ამ ჯარიმის მთლიანად გადახდა“, - წერს დანილა პოპერეჩნი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG