Accessibility links

გაეროს კომისარს გაეგზავნა ანგარიში ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა(EMC) გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს წარუდგინა მოკლე ანაგრიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.

ანგარიშში მიმოხილულია 2019 წლის სექტემბერში ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი და გადაადგილების თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის მძიმე სოციალური შედეგები. საუბარია თვითნებურად დაკავების გახშირებულ შემთხვევებზე, მათ შორის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საქმეზე.

ანგარიშში აღწერილია პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ყურადღება გამახვილებულია ცხინვალის რეგიონში არსებულ იზოლაციის პოლიტიკაზე, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას შეუზღუდა დროულ და ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

გარდა ამისა, საუბარია დე-ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკასა და ვირუსის გავრცელებაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებას დადანაშაულებაზე.

ანგარიში ეხება ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ სამი წლის განმავლობაში მიმდინარე დევნის საქმეს, რომლის გამოც EMC სარჩელს ამზადებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

EMC აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმების არარსებობის პირობებში, უმაღლესი კომისრის ოფისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG