Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არ თქვა სიმართლე - ფოტოგრაფმა თუ პატრულ-ინსპექტორებმა?


გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებულ მასალებში, სულ უფრო და უფრო მეტი ცდომილება იკვეთება. საქმის მასალების შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ ერთი ვერსია მეორეს აბათილებს, მეორე მესამეს, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის გამოძიების მისამართით.

7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დაადასტურა ის ფაქტი, რაზეც უკანასკნელი დღეებია ჟურნალისტები მიუთითებენ და რაზეც ორ კვირაზე მეტია გამოძიება დუმს. მინისტრის მოადგილის თქმით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ ჩვენებებში „გარკვეული წინააღმდეგობებია“ და თუკი დადასტურდა, რომ რომელიმე მოწმემ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით არასწორი ჩვენება მისცა, ამის შესახებ იმსჯელებენ.

ჩვენებებში არსებულ „გარკვეულ წინააღმდეგობებზე“, მთავარი შეკითხვები სწორედ საქმის მთავარი მოწმეების მისამართით ისმის. შეკითხვების ადრესატები არიან ასევე ის პატრულ-ინსპექტორები, რომლებმაც 19 ივნისის ღამეს, ინციდენტის ადგილიდან, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ისე წამოიყვანეს, რომ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ.

7 ივლისს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მოწმე იაკობ ბრეგვაძე, ფოტოგრაფი, რომელმაც ინციდენტის ღამეს, მცხეთის მაგისტრალურ გზაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შსს-მ, 7 ივლისს, ის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისმის, როგორ ატყობინებს ბრეგვაძე 112-ს დანაშაულის შესახებ და რატომ გაუჩნდა მას გამოძახების გაუქმების სურვილი.


შეგახსენებთ, იაკობ ბრეგვაძეს გამოძიებისთვის ორი ჩვენება აქვს მიცემული. პირველი ჩვენებისას ის ამბობს, რომ გაქცევისას 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. საპატრულო პოლიცია ადგილზე ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდა, მან საპატრულო ეკიპაჟს უთხრა, რომ აღარაფერი ხდებოდა, კონფლიქტი დამთავრებული იყო და რაკიღა პოლიცია თბილისისკენ მოდიოდა, მათ გამოჰყვა.

მეორე ჩვენების თანახმად კი, რომელიც მან გამოძიებას 21 ივნისს მისცა, ფოტოგრაფი ამბობს, რომ პატრული გამოიძახა, შემდეგ გამოძახება გააუქმა, რადგან კონფლიქტი ამოწურული იყო და აღარ საჭიროებდა დახმარებას. თუმცა, ამავე ჩვენების თანახმად, ადგილზე მაინც მივიდა პოლიცია: „დავრეკე 112-ში, ვუთხარი აღნიშნულის შესახებ და ვთხოვე დახმარება, რის შემდეგაც მალევე მოვიდა "შკოდის" მარკის ავტომანქანით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ვთხოვე, თუ შეეძლოთ თბილისში წაყვანა, რის შემდეგაც საპატრულო ეკიპაჟმა წამომიყვანა თბილისში“.

იაკობ ბრეგვაძის მესამე ვერსიის თანახმად, რომელიც მან საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს მიაწოდა, ინციდენტის ადგილას მისულ პოლიციას „ყველაფერი მოუყვა“:

„და, მეთქი, მორჩა ყველაფერი და ერთადერთი თუ შეგიძლიათ, რომ თბილისში წამიყვანოთ-მეთქი და წამიყვანეს თბილისში“.

რა ისმის შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში


აუდიოჩანაწერის მიხედვით, ბრეგვაძე 112-ის ოპერატორს ჩხუბის შესახებ ატყობინებს, საპატრულო ეკიპაჟის დაუყოვნებლივ მისვლას სთხოვს და უხსნის, რომ ის, იმ წუთებში, მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქებაბ ჰაუსთან“ იმყოფება. ბრეგვაძე ოპერატორს ზუსტ მისამართს ვერ ეუბნება.

„კაროჩე, მანქანით მოვიდნენ, მე დავიმალე, აზრი არ ჰქონდა, მე ჩავრეულიყავი. იარაღები ეჭირათ, ჯოხი რკინის, სავარაუდოდ... ოღონდ, მალე მოდით იმიტომ, რომ მანქანით რომ არიან, მალე წავიდნენ, მალე მოდით, რა. დაშავებულებიც იქნებიან“, - ისმის აუდიოჩანაწერში.

ამ საუბრის შემდეგ 112-ის ოპერატორი, სავარაუდოდ, თავადვე ურეკავს ბრეგვაძეს და კიდევ ერთხელ ეკითხება ადგილსამყოფელს. ამ საუბარში ბრეგვაძე ამბობს, რომ „არაგვის ხიდზე“ უნდა მივიდეს პოლიცია, რადგან იქ ხდება ჩხუბი.

„ტიპები არიან „არაგვის ხიდზე“, რომლებიც არიან, იდეაში, დამნაშავეები. მანქანიდან გადმოვიდნენ და „დაგვაყარეს“... [დაშავებულები არიან] წესით...“ - ისმის ჩანაწერში.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მეორე ჩანაწერი ზარის გაუქმების ეპიზოდს ასახავს:

ბრეგვაძე: ... ერთი წუთით, შეგიძლიათ გააუქმოთ გადაცემა?

ოპერატორი: აღარ არის ჩხუბი?

ბრეგვაძე: [...] დაიშალა ყველა, წავიდნენ და რაღა აზრი აქვს ახლა, რომ მოხვიდეთ. მარტო მე დამიჭერთ, თუ?..

ოპერატორი: დაჭერით თქვენ არ დაგიჭერენ, ბატონო. გადავცემ ამ ინფორმაციას, ყოველი შემთხვევისთვის მაინც. ზუსტად არაგვის ხიდზე ხართ, ბათუმიდან შემოსასვლელ გზაზე...

ბრეგვაძე: უბრალოდ, რომ გააუქმოთ, შეგიძლიათ? გააუქმეთ...

ოპერატორი: გადავცემ, დიახ, გაუქმებასთან დაკავშირებით, ბატონო. მაგრამ თქვენი ლოკაციის დაზუსტება მინდა, უსაფრთხოების მიზნით. თქვენ ხართ ახლა ბათუმიდან შემოსასვლელ გზაზე, არაგვის ხიდზე? პასუხი რომ გამცეთ.

ბრეგვაძე: კი.

ოპერატორი: კარგით, გადავცემ ამ ინფორმაციას.

„დაგვაყარეს“ VS „მარტო მოვდიოდი „ავტოსტოპით“ - რას ამბობენ პატრულ-ინსპექტორები


შსს-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, იაკობ ბრეგვაძე 112-ის ოპერატორს ატყობინებს, რომ მას და მასთან ერთად მყოფ რამდენიმე ახალგაზრდას დაესხნენ თავს. ის იყენებს სიტყვას „დაგვაყარეს“, ანუ, პირველი პირის მრავლობით ფორმას, რაც ნიშნავს, რომ ის, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

თუმცა, ამ ეპიზოდის აბსოლუტურად სხვა ვერსიას ჰყვებიან გამოძიებასთან ის პოლიციელები, რომლებმაც 19 ივნისის ღამეს, იაკობ ბრეგვაძე მცხეთიდან თბილისში ჩამოიყვანეს.

თუკი რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ პოლიციელების ჩვენებებს დავეყრდნობით, მიუხედავად გაუქმებული გამოძახებისა, მათ გადაწყვიტეს ტერიტორიის გადამოწმება და სწორედ ამ დროს შენიშნეს ტყის მასივიდან გამოსული ახალგაზრდა ბიჭი, ანუ იაკობ ბრეგვაძე.

მათი ჩვენების თანახმად, იაკობ ბრეგვაძემ უთხრა, რომ ის დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით, მარტო მოდიოდა, „ავტოსტოპით“ და ამ დროს დაინახა, როგორ დაესხნენ თავს მისთვის უცხო ახალგაზრდებს მანქანებით მისული ასევე უცხო პირები, გამოიძახა პატრული, თუმცა, რაკი სიტუაცია განიმუხტა, გამოძახება გააუქმა.

აი, რას ჰყვება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, გიორგი ზარიაშვილი თავის ჩვენებაში, რომელიც მან გამოძიებას 4 ივლისს, ანუ ინციდენტიდან მეთექვსმეტე დღეს მისცა:

„მისი გადმოცემით, როდესაც ის არაგვის ხიდის მიმდებარედ ფეხით მოდიოდა თბილისის მიმართულებით, მის წინ მიდიოდა მისთვის უცნობი, დაახლოებით 4-5 ახალგაზრდა ბიჭი, რომლებთანაც გაჩერდა, სავარაუდოდ, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ პიროვნებები, რომლებმაც მის წინ მიმავალ 4-5 ბიჭს დაუწყეს გინება და ჩხუბი, რისიც მას შეეშინდა, გაიქცა და დაიმალა. მაგრამ მან მალევე ნახა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აღარაფერი ხდებოდა და გააუქმა გამოძახება“.

ანალოგიურ ჩვენებას აძლევს გამოძიებას გიორგი ზარიაშვილის მეწყვილე, უფროსი პატრულ-ინსპექტორი, ვალერი ჯიქურაშვილი. ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მეორე დღეს, 19 ივნისს, მან ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ შეიტყო, იაკობ ბრეგვაძე ამ ფაქტთან ვერ დააკავშირა შემდეგი მიზეზის გამო: „მან გვითხრა, რომ მარტო მოდიოდა დასავლეთიდან, ე.წ. ავტოსტოპით და აღნიშნულ ჩხუბს შეესწრო შემთხვევით“.

ანუ, თუკი პატრულ ინსპექტორების ჩვენებებს დავეყრდნობით, მაშინ გამოდის, რომ იაკობ ბრეგვაძემ დამალა სიმართლე და მათ უთხრა, რომ ის შემთხვევით შეესწრო უცხო პირების ჩხუბს. არადა, 112-ის ჩანაწერებში, ისმის, რომ როდესაც იაკობ ბრეგვაძე თავდასხმაზე ლაპარაკობს, ის საკუთარ თავსაც გულისხმობს.

რატომ დამალა და დამალა თუ არა სიმართლე ფოტოგრაფმა პატრულ-ინსპექტორებთან, ამის გადამოწმება იაკობ ბრეგვაძესთან ვერ ხერხდება.

რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს, თუ რატომ არ დაათვალიერეს ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია პატრულ-ინსპექტორებმა, მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ რამდენიმე წუთით ადრე, იქ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, გიორგი ზარიაშვილი განმარტავს:

„მე დავურეკე სამორიგეო ნაწილს, ვუთხარი ზარის ინიციატორის (იაკობ ბრეგვაძის) გადმოცემული ფაქტი და ვუთხარი, რომ ვინაიდან მოქალაქემ განაცხადა ჩხუბის შესახებ, ადგილზე მოსულიყო კრიმინალური პოლიცია, რაზეც რამდენიმე წუთში სამორიგეო ნაწილმა დამირეკა და მითხრა, რომ ადგილზე კრიმინალური პოლიცია არ გამოვიდოდა, რადგან გამოძახება იყო გაუქმებული“.

პატრულ-ინსპექტორების ჩვენებების თანახმადვე, მათ მანქანაში ჩაისვეს იაკობ ბრეგვაძე, რომელმაც თბილისში წაყვანა სთხოვა, ნელი სვლით დაათვალიერეს მიმდებარე ტერიტორია და არც საეჭვო ხმები და არც საეჭვო პირები იმ ტერიტორიებზე მათ არ უნახავთ.

მათივე განმარტებით, გზად თბილისისკენ, რამაც ჯამში 10-15 წუთი შეადგინა, იაკობ ბრეგვაძე იყო მშვიდად, არ ეტყობოდა აღელვება და ესაუბრებოდა მათ იმაზე, თუ „როგორ შეიძლება, რომ დაბალი ხარისხის ფოტოაპარატით შესაძლებელი იყოს კარგი ხარისხის სურათის გადაღება“.

საგულისხმოა ისიც, რომ პატრულის მიერ ჩვენებებში აღნიშნული დრო, 01:15 საათი, როდესაც მათ ტყის მასივიდან გამოსული იაკობ ბრეგვაძე შენიშნეს, ზუსტად ემთხვევა შაქარაშვილის საქმის სხვა მთავარი მოწმეების, ვახტანგ ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის ჩვენებებში დაფიქსირებულ დროს, როდესაც ისინი გამოდიან სამალავებიდან, სხდებიან თეთრი ფერის ავტომობილში, რომელმაც მათ თბილისიდან ჩამოაკითხა და მიდიან თბილისში. თუმცა, პატრულ-ინსპექტორები ჩვენებებში დაჟინებით იმეორებენ, რომ მათ არანაირი საეჭვო გადაადგილება და ხმაური მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეუნიშნავთ.

ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ინციდენტის ღამეს, ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს. მისი თქმით, თუ გამოიკვეთება სამართალდამცველების მხრიდან რამე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებისა და ვიდეოკადრების თანახმად, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმადვე, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

ექსპერტიზის პასუხი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG