Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რამდენიმე ქვეყანას საზღვარს უპირობოდ გაუხსნის


უცხოელი ტურისტები თბილისში(საარქივო ფოტო)
უცხოელი ტურისტები თბილისში(საარქივო ფოტო)

საქართველოს მთავრობამ მოლაპარაკებები დაასრულა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს უპირობოდ გაუხსნის. რომელ ქვეყნებს, ცნობილი გახდება მთავრობის ადმინისტრაციაში 11 საათზე დანიშნულ ბრიფინგზე.

ივნისის ბოლოს, ევროკავშირის საბჭომ წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია საზღვრები გაუხსნან კორონავირუსის გავრცელების მხრივ 15 უსაფრთხო ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. ევროკავშირის სახელმწიფოები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. რამდენიმე ქვეყანამ საქართველოსთვის საზღვარი უკვე გახსნა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გასახსნელად მოლაპარაკებებს აწარმოებენ და რამდენიმესთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი უწყებების ხელმძღვანელებთან. განიხილეს მსოფლიოსა და ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლის გათვალისწინებით, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ ამ ეტაპზე საერთოდ არ გახსნა საზღვრები უცხო ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოების მოქალაქეებისთვისაც, არაერთ ქვეყანაში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ აკვირდება გლობალურ სურათს და მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად დგამს ფრთხილ ნაბიჯებს. გარდა ამისა, განაგრძობს ევროკავშირის ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ, ერთობლივად გადაიხედება როგორც საქართველოში შემოსვლის, ისე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის პირობები.

XS
SM
MD
LG