Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI-ის ხელმძღვანელი: ჩინეთი აშშ-ისთვის "უდიდესი საფრთხეა"


FBI-ის დირექტორი, კრისტოფერ რეი
FBI-ის დირექტორი, კრისტოფერ რეი

გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ის ხელმძღვანელის, კრისტოფერ რეის თქმით, ჩინეთის მიერ წარმოებული ჯაშუშობის და ქურდობის აქტები წარმოადგენს "უდიდეს გრძელვადიან საფრთხეს" აშშ-ის უსაფრთხოებისთვის.

"ჩვენი ქვეყნის ინფორმაციული და ინტელექტუალური საკუთრებისთვის და ჩვენი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობისთვის უდიდესი გრძელვადიანი საფრთხეა კონტრდაზვერვა და ეკონომიკური ჯაშუშობის საშიშროება ჩინეთის მხრიდან", - თქვა რეიმ 7 ივლისს, გამოსვლაში, რომელიც ვაშინგტონში განთავსებულ ანალიტიკურ ცენტრში, ჰადსონის ინსტიტუტში ჰქონდა. "ეს არის საფრთხე ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის - და, შესაბამისად, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - დასძინა მან.

რეის გამოსვლის ფონია გაზრდილი დაძაბულობა ვაშინგტონსა და პეკინს შორის. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი დაადანაშაულა იმაში, რომ მან კორონავირუსის პანდემია არ შეაჩერა - რის გამოც საკუთრივ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკაც კრიტიკის ობიექტი გახდა.

FBI-ის დირექტორის თქმით, ჩინეთი მიმართავს სრულმასშტაბიან ძალისხმევას საიმისოდ, რომ "ნებისმიერი საშუალებით მსოფლიოს ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ გადაიქცეს" - მათ შორის, ეკონომიკური ჯაშუშობით, მონაცემების მოპარვით და უკანონო პოლიტიკური აქტივობებით, ქრთამით და შანტაჟით აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. რეის თქმით, ჩინეთი მიზანში იღებს უცხოეთში მცხოვრებ ჩინეთის მოქალაქეებს, მათ შორის, "პოლიტიკურ მეტოქეებს, დისიდენტებს და კრიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ გამოააშკარაონ ჩინეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები" და მათ "შოკისმომგვრელი" ტაქტიკებით აიძულებს ჩინეთში დაბრუნებას.

XS
SM
MD
LG