Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო


4 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების რეკომენდაციები, განახორციელოს სიღრმისეული ანალიზი ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით და შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება მაღალი დონის კორუფციის პრევენცია და გამოძიება.

განცხადების თანახმად, მთავრობისადმი მიმართვის საბაბად იქცა 5 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტი, რომელშიც განსაზღვრულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტები 2021 ფისკალური წლისთვის:

„დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებაზეც $132,025,000-ის ოდენობით. თუმცა, აქვე მითითებულია დაფინანსების შეჩერების საკითხი, რომლის მიხედვით, გამოყოფილი დახმარების 15%-ის შეჩერება შესაძლებელია იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს და მოახსენებს კონგრესს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს შემდეგი სამი მიმართულებით:

ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება;
ბ) ხელისუფლებაში არსებულ კორუფციასთან ბრძოლა;
გ) კერძო სექტორში კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად უზრუნველყოფა.

გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტს და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები კორუფციასთან, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიზნით“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომლის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი რეფორმები საქართველოში არ განხორციელებულა, პროგრესი აღარ ფიქსირდება და მიღწეული წარმატების მაჩვენებლები წლიდან წლამდე უარესდება:

„Trace International-ის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ბიზნესის კორუფციის რისკმა 3 ქულით მოიმატა და შეფასებული ოთხი მიმართულებიდან ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველად კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულება განისაზღვრა.

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2019 წლის ანალიზის მიხედვით, წვრილმანი კორუფციის ბრძოლის მიმართულებით წარმატების მიუხედავად საქართველოში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება.

საქართველოში მაღალი დონის კორუფციის არსებობაზე მიუთითებდა ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუცია 2018 წელს და აღნიშნულის შესახებ, უკვე დიდი ხანია, საუბრობს სამოქალაქო საზოგადოებაც.

Transparency International (TI)-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზე იყო 56 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით, როცა საქართველო 180 ქვეყანას შორის 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა.

კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, რეგიონის ქვეყნებში პრობლემას წარმოადგენს ძალაუფლების არასათანადო გამიჯვნა, სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა საარჩევნო მიზნებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების კერძო პირის ხელში თავმოყრა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას სამოქალაქო ორგანიზაციები ხელისუფლებას 2018 წლიდან სთავაზობენ, თუმცა საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს გამოწვევას და არც ღია მმართველობა საქართველოს და არც ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმებში არ გვხვდება კონკრეტული ვალდებულება მაღალი დონის კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით.

ხელისუფლებას ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისკენ მოუწოდებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"; "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"; "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" და "მწვანე ალტერნატივა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG