Accessibility links

შაქარაშვილის საქმის ადვოკატი ამბობს, რომ 112-ის მეორე ჩანაწერი 30 ივნისით თარიღდება


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან კავშირში დაკავებული მორაგბეების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ გამოძიების მიერ მიწოდებული 112-ზე დარეკვის აუდიოჩანაწერები სხვადასხვა დღით თარიღდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ ერთ-ერთ ახალ მტკიცებულებაზე, სადაც პატრულის გამოძახებასა და გაუქმებაზეა საუბარი, ადვოკატმა "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.

"ფაილის შექმნის თარიღი სულ სხვადასხვაა, ორი სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ჩვენც გადმოგვეცა აუდიომასალის სახით... ერთი, როცა ბატონი ბრეგვაძე 112-ში რეკავს და დახმარებას ითხოვს და მეორე, როცა 112-დან ურეკავენ, ეუბნებიან, ლოკაცია უთხრას. პირველი ჩანაწერის ფაილის შექმნის თარიღია 19 ივნისი, 00:45 სთ, ხოლო მეორე ჩანაწერის შექმნის თარიღი არის 30 ივნისი, 23:30 საათი. თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა დროა?" - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ფაქტია, რომ აუდიოჩანაწერი მოგვიანებით გაკეთდა.

გუშინ, 7 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა აუდიოჩანაწერი და აღნიშნა, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის, იაკობ ბრეგვაძის 112-ზე დარეკვას ასახავდა. პირველ ჩანაწერში ისმის პატრულისა და სასწრაფოს გამოძახების მოთხოვნა, მეორე ნაწილი კი ამ გამოძახების გაუქმებას ეხება.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ის მანამდე დაბადების დღის წვეულებაზე იყო. საქმე გატაცებისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დღეს მომხდარი ძალადობის გამო დააკავეს 17 პირი, თუმცა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არავის წაყენებია ბრალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG