Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ გრემელაშვილს საკრებულოში უფლებამოსილება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ვერ შეუწყდება


ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში უფლებამოსილება შეუწყდება, ამის თაობაზე ჟურნალისტებს თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ განუცხადა. საკრებულოს, კანონით გათვალისწინებული ამ ნორმის, ცნობად მიღება შეუძლია.

არჩილ თხლაშიძის განცხადებით, მას არ სურს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და გრემელაშვილის ბრალდების შეფასება. ამასთან ამბობს, რომ მისი მხრიდან ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტების შესახებ მანამდე არ სმენია.

„გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში კანონი თვითონ არეგულირებს და საკრებულოს წევრს უწყდება უფლებამოსილება, ამაზე საკრებული ცნობის სახით იღებს გადაწყვეტილებას“, - ამბობს თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.

მიხეილ გრემელაშვილი „ქართული ოცნების" დეპუტატია თელავის საკრებულოში 2017 წლიდან.

საკრებულოში მას „პატრიოტთა ალიანისის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია.

თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი, პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 8 ივლისს დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გრემელაშვილი საკუთარ სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლსა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

ინფორმაცია გრემელაშვილის მიერ შვილებზე ძალადობის შესახებ, მისმა ნათესავმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. პოსტში ნათქვამია, რომ „ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება“.

დაკავებამდე გრემელაშვილი გამოეხმაურა მის შესახებ დაწერილ პოსტს. „მოგესალმებით მეგობრებო. მოკრძალებით გთხოვთ, მიუტევოთ ჩემს ნაც დაიკოს რომ სულმთლად გაგიჟდა. ძალიან მიყვარს მაინც და მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს", - დაწერა მან.

ბრალდების დადასტურების შემთხვევაში გრემალაშვილს 4- დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG