Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს დონალდ ტრამპის ფინანსების გასაჯაროებაზე


როგორც ვარაუდობენ, 9 ივლისს აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს სამ სხვადასხვა საქმეზე - აქვს თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უფლება, უარი თქვას თავისი საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური ხასიათის სხვა ინფორმაციის გასაჯაროებაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ფარდა ახადოს ტრამპის კერძო საფინანსო ინფორმაციას 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როცა მას მეორე ვადით არჩევის იმედი აქვს.

სამიდან ორი შემთხვევა ეხება წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების მცდელობას, მოიპოვონ საფინანსო დოკუმენტაცია ტრამპის სამი ბიზნესის შესახებ: ესენია მისი დიდი ხნის საბუღალტრო კომპანია Mazars LLP, ასევე ბანკები - Deutsche Bank-ი და Capital One-ი.

მესამე შემთხვევა ეხება სასამართლო უწყებას, რომელიც მიემართება Mazars-ს ანალოგიური ინფორმაციის მოსაპოვებლად ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, რომელსაც მანჰეტენის ოლქის პროკურორი, დემოკრატი საირუს ვენსი აწარმოებს.

დაბალი ინსტანციის სასამართლოებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოიტანეს განაჩენი, მაგრამ ისინი გადაიდო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.

ტრამპი პირველი პრეზიდენტია რიჩარდ ნიქსონის 1970-იან წლებში მმართველობის შემდეგ, რომელსაც არ გამოუქვეყნებია თავისი საგადასახადო დეკლარაციები.

ვენსი და წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და რეფორმების კომიტეტები ცდილობენ მოიპოვონ ტრამპის საფინანსო ინფორმაცია, ვინაიდან არსებობს ვარაუდი ფარული ანგარიშსწორების შესახებ, რომელიც ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა განახორციელა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს.

როგორც ვარაუდობენ, ანგარიშსწორება გამიზნული იყო იმისთვის, რომ ორ ქალს არ განეცხადებინა ტრამპთან მრავალი წლის წინანდელი ფარული ურთიერთობების შესახებ. ტრამპი უარყოფს ამ ქალებთან ურთიერთობის ქონას.

XS
SM
MD
LG