Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს მისიის მონაწილე 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი აქვს


საქართველოს თავდაცვის ძალების 28 სამხედროს, რომლებიც ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროები ადგილობრივი, ავღანური პერსონალისგან დაინფიცირდნენ.

ამჟამად სამხედროები გორის ჰოსპიტალში იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაავადება გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 28 ქართველი სამხედრო სპეციალური ავიარეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე. როდის შესრულდა რეისი, მითითებული არ არის.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, საქართველოში დაბრუნებამდე სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით იმყოფებოდნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით ინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

ავღანეთში დარჩენილი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2 კვირიან კარანტინს გაივლიან.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას“.

ავღანეთის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33 900-ს აჭარბებს. მათგან 20 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 957 ადამიანი.

ამ კვირაში, ავღანეთში გაემგზავრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მე-13 ბატალიონი და პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული.

მე-13 ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას გადაიბარებს მე-12 ბატალიონისგან და ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ 6 თვის განმავლობაში შეასრულებს ამერიკული სარდლობის ხელმძღვანელობით. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანაა ბაზის უსაფრთხოების დაცვა.

პირველი ქვეითი ბრიგადის ასეული კი მეორე ბრიგადის ნაკრებ ასეულს შეცვლის და ქაბულის ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG