Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი შაქარაშვილის მშობლები შეხვდნენ შსს-სა და პროკურატურის ხელმძღვანელობას


გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის დედა და მამა შეხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას.

ადვოკატი შეხვედრის შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს: „ჩამოყალიბდნენ ასეთ პოზიციაზე, რომ გამოძიების ვადაში უნდა წარედგინოთ ამ პირებს კონკრეტული მუხლები. არასრულწლოვნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ვადა იყო 40-დღიანი, უკვე დარჩენილია არაუმეტეს ორი კვირისა. შესაბამისად, ამ ვადაში ბრალი უნდა წარედგინოთ“.

მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მხარეს აქვს ორი შედეგი. „პირველი ის, რომ ჩადენილი ქმედებებისთვის 17 პირი დაპატიმრებულია და მეორე ის, რომ ველოდით ექპერტიზის დასკვნას, რის შემდეგაც უნდა დაგვეყენებინა საკითხი 109-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებაზე“, - თქვა მან. პროკურატურის წინაშე ოჯახის სამომავლო პოზიციაა, რომ „მოხდეს ბრალის ინდივიდუალური შერაცხვა. ყველას წაუყენონ ცალ-ცალკე ბრალდება. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იქნება შესრულებული. ვიდრე ჯერ სახეზე არ გვყავს ჯერჯერობით კონკრეტული ბრალდებულები, რა თქმა უნდა, ვერ ჩავთვლით, რომ ჩვენი მოთხოვნა ბოლომდე შესრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდა“.

10 ივლისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმადვე, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG