Accessibility links

აქციების მეოთხე დღეს ბელგრადში შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის


სერბეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობის ანტიკრიზისული საქმიანობით უკმაყოფილო მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც მეოთხე ღამეა მართავენ საპროტესტო აქციებს.

გაბრაზებული მოქალაქეების ნაწილმა, რომლებიც ქვებს და პეტარდებს ისროდნენ, 10 ივლისის ღამით მცირე ხნით მოახერხეს ბელგრადში მდებარე პარლამენტთან მიახლოება.

იუწყებიან, რომ რამდენიმე შენობის ეზოშიც შევიდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციები სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ, ნოვი სადიშიც გაიმართა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა აქციის მონაწილეებს უწოდა „ხულიგნები“ და განაცხადა, რომ „ისინი დამარცხდებიან, მათ უმრავლესობას დააპატიმრებენ და აუცილებლად აგებენ პასუხს ყველა დანაშაულისათვის“.

მოქალაქეთა უკმაყოფილების მიზეზია სერბეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული არასაკმარისი ნაბიჯები კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

10 ივლისის სტატისტიკით, ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. მთლიანობაში ვირუსული ინფექციით სერბეთში გარდაიცვალა 370 კაცი, დაავადებულთა რაოდენობა 17 000-ს აღწევს.

რთული ეპიდვითარების გამო ქვეყნის პრეზიდენტი აპირებდა ამ შაბათ-კვირას მკაცრი კარანტინის შემოღებას ბელგრადში, მაგრამ საპროტესტო აქციების გამო მთავრობამ ამ განზრახვაზე უარი თქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG