Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2019 წელს ევროკავშირში კვლავ გაიზარდა საქართველოდან ჩასულ თავშესაფრის მაძიებელთა და არალეგალთა რიცხვი


შარშან თავშესაფრის მიღების თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს 21 570-მა მოქალაქემ მიმართა, რაც 9%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, - ამის შესახებ ნათქვამია, 10 ივლისს გამოქვეყნებულ ევროკომისიის დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება "მესამე ანგარიში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში".

მასში ასახულია ვიზალიბერალიზაციის განხორციელების დეტალური სურათი დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 8 ქვეყანასთან, მათ შორის - საქართველოსთან.

Frontex-ის, ევროკავშირის საგარეო საზღვრის უსაფრთხოების უწყების, მონაცემების თანახმად, 2019 წელს დაფიქსირდა საქართველოდან ევროკავშირის საზღვრის უკანონო გადაკვეთის 328 შემთხვევა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის სტატისტიკას.

2018 წელს ეს ციფრი იყო 189.

რაც შეეხება ევროკავშირის სივრცეში შესვალზე უარს, Frontex-ის, თანახმად 2019 წელს საქართველოდან ევროკავშირში, უფრო ზუსტად შენგენი+ის არეალში, შესვლაზე უარი ეთქვა 17%-ით უფრო მეტ ადამიანს.

2018 წელს უარი ეთქვა 3805 მოქალაქეს, 2019 წელს - 4435-ს.

ყველაზე უფრო ხშირად საქართველოდან ჩასულ ადამიანებს ევროკავშირის საგარეო საზღვრის გადალახვაზე უარი უთხრა პოლონეთმა, შემდეგ გერმანიამ და საფრანგეთმა.

გასულ წელს 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა საქართველოდან ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მოქალაქეების აღრიცხვის სტატისტიკაშიც.

შენგენი+ის არეალში 2019 წელს უკანონოდ იმყოფებოდა 11 845 მოქალაქე, 2018 წელს ეს ციფრი შეაგდენდა - 9 400-ს.

როგორც 2018 წელს, შარშანაც არალეგალი საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა გამოვლინდა გერმანიაში, ხოლო საფრანგეთმა განაცხადა, რომ არალეგალ ქართველთა რაოდენობამ შარშან ქვეყანაში 41%-ით იმატა.

Frontex-ის კვლევით, არალეგალი ქართველი მიგრანტების უმრავლესობა ევროკავშირში შასასვლელად ირჩევს შენგენის ზონის მცირე და საშუალო ზომის აეროპორტებს, სადაც ისინი ხვდებიან უმეტესად ქუთაისიდან, დაბალბიუჯეტიანი საავიაციო კომპანიების რეისებით.

2019 წელს 9%-ით გაიზარდა ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი.

ზემოხსნებული Frontex-ის კვლევით, შესაბამის სამსახურებს თავშესაფრის თხოვნით შარშან მიმართა 21 570-მა ადამიანმა, მათ შორის იყო განმეორებით მიმართვის შემთხვევებიც.

შედარებისათვის ეს ციფრი 2018 წელს იყო 19 730, ხოლო 2017-ში - 11,755.

ანგარიშის თანახმად ირკევევა ისიც, რომ საქართველო პირველ ადგილზე დგას ყველა იმ ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებმაც შარშან ევროკავშირს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით ყველაზე ხშირად მიმართეს.

ეს პრობლემა ყველაზე მეტად შარშან შეეხო საფრანგეთს, რომელსაც თავშესაფრის მიღების მოთხოვნით 8 280-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა, გერმანიამ განიხლა 3875-ი , ხოლო ესპანეთმა- 1810-ი ქართველი თავშესაფრის მაძიებლის საქმე.

ამასთან ანგარიშში ხაზგასმული, რომ 2020 წლის პირველ სამ თვეში, მნიშვნელოვნად იკლო საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით ნაკლებია.

ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მქონე აპლიკანტების უმრავლესობა ევროკავშირში თავშესაფრის ითხოვს სამედიცინო მიზეზების გამო.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის საკითხებში თანაშრომლობას, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მომზადებული მესამე ანგარიში ‘“შედეგიანს“ უწოდებს.

„2019 წლის განმავლობაში ევროკავშირიდან რეადმისიის თხოვნის უმრავლესი შემთხვევა მხარდაჭერილი იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. 2018 წელთან შედარებით, (9 675), 2019 წელს 16 280-ს კაცამდე გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც თავშესაფარზე უარის თქმის გამო, ებრძანათ უკან დაბრუნება,“- ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომლესაც ეწოდება "მესამე ანგარიში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG