Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პრეზიდენტმა გადადგომისკენ მოუწოდა ქვეყნის მთავრობას და გენერალურ პროკურორს


ანტისამთავრობო აქცია სოფიაში
ანტისამთავრობო აქცია სოფიაში

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა 11 ივლისს გადადგომისკენ მოუწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და გენერალურ პროკურორს ქვეყანაში მძვინვარე ელიტური კორუფციის წინააღმდეგ სოფიასა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში დაწყებული აქციების ფონზე.

რადევის ამ მოწოდებას წინ უძღოდა გენერალური პროკურატურის რეიდი პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელთა ოფისებში.

ამის მიზეზი გახდა ბულგარეთის პრეზიდენტის მიმართვა დაცვის სახელმწიფო (NSO) სამსახურისადმი, რომელიც პასუხისმგებელია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის ხელისუფლების სხვა მაღალი პირების უსაფრთხოებაზე, - რომ შეწყვიტოს პარტია სამართლიანობისა და თავისუფლების (DPS) საპატიო თავმჯდომარის, აჰმედ დოგანის დაცვა.

აჰმედ დოგანს ბულგარეთში მიიჩნევენ ქვეყნის ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად, ხოლო მის მიერ დაფუძნებული, უპირატესად ბულგარეთის თურქულენოვანი მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი სამართლიანობისა და თავისუფლების პარტია აკონტროლებს ქვეყნის სასამართლო სისტემას და პროკურატურის ოფისს.

11 ივლისს რამდენიმე ათასმა უკმაყოფილო ადამიანმა მოიყარა თავი დედაქალაქ სოფიიდან 400 კილომეტრის დაშორებით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე დოგანის რეზიდენციასთან, რომელსაც სახელმწიფო დაცვის (NSO) სამსახური იცავს.

ისინი მოითხოვდნენ თანასწორობას და სანაპიროზე გასვლის უფლებას.

დემოსტრანტების ნაწილი უკან სოფიაში დაბრუნდა, სადაც მესამე დღეა იმართება ანტისამთავრობო აქციები ქვეყანაში გამეფებული ელიტური კორუფციის წინაღმდეგ.

მთავრობის სახლის, პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს წინ გამართულ აციებზე შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ „გადადექი“.

ანტისამთავრობო განწყობებს აძლიერებს ქვეყანაში არსებული მზარდი დაპირისპირება სოციალისტ პრეზიდენტ, გადამდგარ გენერალ, რუმენ რადევსა და პრემიერ-მინისტრ, ბოიკო ბორისოვის მემეარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას შორის მომავალ წელს დანიშნული საყოველთაო არჩევნების წინ.

პრეზიდენტი რუმენ რადევი ხშირად აკრიტიკებს პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვს, რომელიც უმნიშვნელო ნაბიჯებს დგამს ენდემური კორუფციის ამოსაძირკვად, და მთავრობასთან გარიგებაში მყოფ პროკურორებს, რომლებსაც, ბულგარეთის პრეზიდენტის რწმენით, ბოლომდე არ მიჰყავთ კორუფციული საქმეების გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG