Accessibility links

საქართველოს საგარეო უწყება: დღეს ცეცხლის გახსნით რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება დაარღვია


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის კასპის მუნიციპალიტეტში დაჭრასა და უკანონო დაკავებას. უწყება სახიფათო ქმედებას უწოდებს ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ მიზანია პანდემიის დროს ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია.

"ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საგარეო უწყება განმარტავს, რომ მსგავსი პროვოკაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას:

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად".

საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ თავისუფლება აყრილი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისათვის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 11 ივნისს საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.

"უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება", - წერდა სუს-ი გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG