Accessibility links

კომიტეტი 2021 წლამდე მთავრობისთვის შეზღუდვების უფლების გადაცემას დათანხმდა


საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას უფლება ექნება საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები და შეზღუდოს რიგი კონსტიტუციური უფლებები. ახლა დოკუმენტს უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. მის მისაღებად ერთი კენჭისყრა იქნება საჭირო.

პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში დოკუმენტი 2021 წლის პირველ იანვრამდე იქნება ძალაში. ამ პერიოდს დაემთხვევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც. წესების დარღვევისთვის მოქალაქე 2 ათასი ლარით, კომპანია კი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

"ჩვენც ისევე, როგორც სხვა ქვეყნები უნდა მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლებას საშუალება ჰქონდეს კრიზისი მართოს სწორად, ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ვადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონს ახალ წლამდე იმისთვის, რომ მთავრობამ შეძლოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს კრიზისი", - აცხადებდა დიმიტრი ხუნდაძე.

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონის მოქმედი რედაქციით, მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება 15 ივლისამდე აქვს. სწორედ ამ მიზეზით პარლამენტმა დოკუმენტის დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომებზე განხილვა დაიწყო.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, მთავრობას პარლამენტმა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ბერკეტი 22 მაისს მისცა. ამ დოკუმენტის მიხედვით, მთავრობას შეუძლია შეზღუდოს ეკონომიკური საქმიანობა, პირთა გადაადგილება და ა.შ.

საქართველოში ჯერ კიდევ ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები და მთავრობა ეპიდსიტუაციის სამართავად არ აძლევს ყველა ბიზნესს გახსნის უფლებას. გარდა ამისა, ნებისმიერი კომპანია, რომელიც დღეს ოპერირებს განსხვავებული წესები აქვთ და მოეთხოვებათ სოციალური დისტანციისა თუ უსაფრთხოების სხვა წესების დაცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG