Accessibility links

სააპელაციომ გაათავისუფლა პირი, რომელსაც გამოუსადეგარი მოცულობის ნარკოტიკისთვის 5 წელი მიუსაჯეს


სააპელაციო სასამართლომ ღირსების შემლახავ სასჯელად მიიჩნია 5-წლიანი პატიმრობა პირისთვის, რომელიც სასჯელს გამოუსადეგარი მოცულობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის იხდიდა. ინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ გაავრცელა. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა მსჯავრდებულის უფლებებს.

ნარკოდანაშაულის მუხლით პირს პატიმრობა 0,000036 გრამი მეტამფეტამინისა და 0,000033 გრამი ამფეტამინის ფლობისთვის შეუფარდეს.

"სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის ვარგის დოზებს, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც რადიო თავისუფლებას ორგანიზაციაში განუცხადეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფს უკვე მოხდილი ჰქონდა შეფარდებული სასჯელის ნახევარი და დარჩენილი ჰქონდა, დაახლოებით, 2-წელიწად-ნახევარი.სააპელაციო სასამართლომ კი იხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, რომლის მიხედვითაც არაკონსტიტუციურია გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის პატიმრობის შეფარდება.

"GDI მზად არის განაჩენის გადასინჯვაში დაეხმაროს ყველა იმ პირს, ვინც მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისთვის იხდის სასჯელს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG