Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიტეტმა მოიწონა პროექტი, რომლითაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მმართველის დანიშვნა შესაძლებელი ხდება


საქართველოს პარლამენტის დარგობრივ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მოიწონა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას შეეძლება სატელეკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

კანონპროექტის მიხედვით, კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა შეეძლება იმ კომპანიაში, რომელებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ფლობენ და წინასწარი თანხმობის გარეშე გაასხვისებს წილებს, შემდეგ გააფრთხილებენ და სამჯერ დააჯარიმებენ. კომისიას ამისთვის სასამართლოს თანხმობა არ დასჭირდება, თუმცა კომპანიას შეეძლება ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. კომპანიაში დროებითი მმართველი იქნება იქამდე, სანამ კომისიის გადაწყვეტილება არ შესრულდება.

სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ენდობოდა თუ არა სასამართლოს. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ბოკერიამ ჰკითხა, მაშინ რატომ არ დებენ სასამართლოსგან ნებართვის მიღების ნაწილსაც.

ამ კითხვა-პასუხთან კავშირში ბოკერიას თანაგუნდელმა, სერგი კაპანაძემაც იკითხა, რატომ იდება კანონში მუხლი, რომლითაც კომისიას შეუძლია ჯარიმებზე სასამართლო დავების დასრულებამდე დანიშნოს მმართველი.

"ჩვენ სასამართლოს ვენდობით, მაგრამ კონცენტრაციამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს, იცით?" - უპასუხა ბექაურმა.

სხდომას ესწრებოდნენ სატელეკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლებიც. "მაგთიკომის" ერთ-ერთმა მფლობელმა, გია ჯოხთაბერიძე ითხოვდა კანონში გაწერილიყო დარღვევის აღმოფხვრისთვის საჭირო ვადები, რაზეც უარი მიიღო.

გასულ კომიტეტის სხდომაზე გაირკვა, რომ ცვლილებების შეტანა კომუნიკაციების კომისიას "კავკასუს ონლაინში" წილების შეცვლის შემდეგ დასჭირდა. უკვე 9 თვეა, კომუნიკაციების კომისია უშედეგოდ ცდილობს შეცვალოს “კავკასუს ონლაინის” მეწილეები და კომპანია აიძულოს მისი თანხმობის გარეშე გასხვისებული წილი პირვანდელ მფლობელს დაუბრუნოს. ამ მიზეზით ის უკვე გააფრთხილეს და 4-ჯერ დააჯარიმეს, ჯამში 660 ათასი ლარით, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს კანონმდებლობით, კომისიას ახლა “კავკასუს ონლაინის” იძულების მექანიზმად მხოლოდ საქმიანობის შეჩერების გამოყენება შეუძლია. კომისია განმარტავს, რომ კომპანია "კრიტიკული საჭიროების" ინფრასტრუქტურას ფლობს და მისთვის საქმიანობის შეჩერება საზოგადოებას დააზარალებს.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიები დასრულდა, კომისიას კი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება უნდა, 1 აგვისტოს “კავკასუს ონლაინის” საკითხი კიდევ ერთხელ უნდა განიხილონ. როგორც სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ თქვა, კანონს უკუძალა ვერ ექნება, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ "კავკასუს ონლაინში" მმართველს ამ ეტაპზე ვერ დანიშნავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG