Accessibility links

„მასწავლებლები ზეიმს  საკუთარი თავისთვის აწყობენ“ - სკოლებში ისევ  პათეტიკური სპექტაკლები იდგმება 


უნდა შეკრიბო მასწავლებლები და აუხსნა, რომ მეორე კლასშიკარლსონიუნდა დადგა და არამგზავრის წერილებიანჰამლეტი“, - ამბობს მწერალი დიანა ანფიმიადი, რომლის შვილიც საჯარო სკოლაში სწავლობს. სკოლის სპექტაკლები ბავშვის უნარებს უნდა ავითარებდეს, თუმცა პათეტიკური წარმოდგენები, რომლის მაგალითებითაც სავსეა სოციალური ქსელი, ამ მიზანს ნაკლებად ემსახურება.

დიანა ანფიმიადს სასკოლო სპექტაკლებთან დაკავშირებით კარგი გამოცდილებაც აქვს და ცუდიც. ის ამბობს, რომ, როგორც წესი, წარმოდგენები ხშირად მხოლოდ რამდენიმე ბავშვზეა გათვლილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები, მორცხვები ან, პირიქით, ჰიპერაქტიურები განზე რჩებიან:

„ცუდი ის არის, რომ უზარმაზარი ტექსტები აქვთ და ყველა ერთნაირად ხელის გაშლით ამბობს. ხშირად ამ ტექსტების შინაარსი პატრიოტული მოტივია, რასაც ბავშვი ვერც იგებს და არც აინტერესებს. ძალიან სტრესულია მათთვის - ზოგს ენა უვარება, ზოგს დიარეა ეწყება.

მოულოდნელად კარგი გამოცდილება მაქვს ჩემი შვილის სკოლასთან დაკავშიებით. „თოვლის დედოფალირომ დადგეს, ძალიან მოკლე ტექსტები ჰქონდათ და თან ყველა ჩართული იყო. ბიჭს, რომელსაც მეტყველების პრობლემა აქვს, მზის როლი მისცეს, ჰიპერაქტიურს - ქარის და მთელი სპექტაკლი დარბოდა“, - ჰყვება დიანა.

მასწავლებლები ზეიმს საკუთარი თავისთვის აწყობენ

ბავშვთა ფსიქოლოგი, ქეთი თავართქილაძე, ამბობს, რომ სპექტაკლები ხშირად არა ბავშვების, არამედ მასწავლებლის ზეიმად იქცევა ხოლმე, ეს ტრადიცია კი ბაღიდან იწყება.

„მასწავლებლები თავად წერენ ლექსებს. პრეტენზია აქვთ, რომ პოეტები არიან. საკუთარი თავის ზეიმს აწყობენ და ცდილობენ ამ გზით მოიპოვონ აღიარება“, - ამბობს ის.

სოციალურ ქსელში განთავსებული ჩანაწერების უმეტესობა, მართლაც, სწორედ მასწავლებლებზე საუბრით იწყება. თან, აშკარად ჩანს, რომ ტექსტი ვიღაც უფროსმა, შესაძლოა, ისევ მასწავლებელმა დაწერა. მაგალითად, ციტატა მეოთხეკლასელი გოგონას გამოსვლიდან:

ძვირფასო სტუმრებო, საყვარელო მშობლებო, პატივცემულო მასწავლებლებო, თქვენს წინაშეა მე-4 კლასი. ძალიან მალე ჩვენ ვამთავრებთ სასკოლო ცხოვრების ერთ ეტაპს. ვემშვიდობებით დაწყებით კლასს და უსაყვარლეს პირველ მასწავლებელს. დიდი სცენიდან გვინდა ყველას მოგეფეროთ. გვინდა გაგრძნობინოთ, რომ გავიზარდეთ და ბავშვობის განუმეორებობის ტკივილი მიგვყვება თან. გვინდა ამ საღამომ შეგვაძლებინოს უდიდესი სამადლობელის გადახდა ჩვენთვის უსაყვარლესი პირველი მასწავლებლებისათვის“.

სხვა ზეიმზე ხევსურულ კაბაში გამოწყობილი 9 წლის გოგო იქვე მდგარ მასწავლებელს ემშვიდოებება (აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვებს ხშირად აცვიათ ეროვნული ტანსაცმელი, მიუხედავად იმისა, შეესაბამება ეს კოსტიუმი ტექსტს, თუ არა): მეხუთე კლასიდან ჩვენ სხვა მასწავლებელი გვეყოლება, მაგრამ თქვენი სითბო, ღვაწლი და ენერგია სულ სხვანაირად დარჩება ჩვენში“.

გულაჩუყებული მასწავლებელი ბავშვს ეხვევა, დარბაზში კი ტაშსს უკრავენ.

კიდევ სხვა სკოლაში:

ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ იმ დღეს, როცა ცოდნის ტაძარში პირველად შემოვდგი ფეხი. სკოლის ეზოში შემხვდა ლამაზი ქალბატონი, ეს იყო ჩემი მასწავლებელი“.

დიდაქტიკური ტექსტები მხიარული თამაშის ნაცვლად

სკოლის სპექტაკლებზე მუშაობა დაბალი კლასებიდან იწყება და ბავშვებში გუნდურობის გრძნობის, თვითშეფასების ამაღლებას ემსახურება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ სპექტაკლი სწორად არის შერჩეული და დადგმული. ბავშვებმა უნდა იხალისონ, სირცხვილის გრძნობა დაძლიონ, სხეულის ფლობის უნარი გამოიმუშაონ.

თუმცა დრამატურგი დავით გაბუნიაც ამბობს, რომ სკოლაში სპექტაკლებს ხშირად ისევე დგამენ, როგორც ასწავლიან ლიტერატურას და ისტორიას, ანუ წინ დიდაქტიკა და პათოსია წამოწეული და არა აზროვნების უნარი:

„რომ შევიხედოთ ლიტერატურის გაკვეთილზე, ალბათ, ისევე შევიძვრებით, როგორ გამოსაშვები სპექტაკლის ნახვისას.

სკოლის სპექტაკლი არც უნდა იყოს ხელოვნების ნიმუში, მაგრამ გარკვეული პროფესიონალიზმი მაინც სჭირდება. ბევრ ახალგაზრდა რეჟისორს ვიცნობ, რომლებსაც ხშირად იწვევენ კერძო სკოლებში გამოსაშვები საღამოების და სპექტაკლების დასადგმელად. საჯარო სკოლებს ამის საშუალება ყოველთვის არა აქვთ“.

გურამ ღონღაძე
გურამ ღონღაძე

გურამ ღონღაძე ბავშვებთან დრამის პედაგოგად მუშაობს და ამბობს, რომ სპექტაკლი რაც შეიძლება მეტ სახალისო და თამაშის ელემენტს უნდა შეიცავდეს. ბავშვებს უხარიათ ცეკვა, სიმღერა, ფერადი კოსტიუმების და უცნაური პარიკების ტარება. იგი ამბობს, რომ გაცილებით უკეთესად მიდის საქმე, როცა ტექსტის წერაში თავად ბავშვები მონაწილეობენ. ასე ტექსტი უფრო გასაგები, პათეტიკისგან დაცლილი გამოდის.

ბავშვებს თავიანთი ლექსიკა და ენა აქვთ, ამიტომ შეუძლებელია კარიკატურული არ გამოჩნდეს მათგან წარმოთქმული მსგავსი სიტყვები:

მახსოვს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 14 სექტემბერს, ღვთის შეწევნით, ფეხი შევდგით სასულიერო გიმნაზიაში. შეშინებულები შევყურებდით ირგვლივ მყოფთ. მასწავლებლების ჯგუფს გამოეყო ერთი კეთილი სახის მასწავლებელი, კეთილი ღიმილით მოგვიახლოვდა, მოგვესალმა, მოგვეფერა...“

ეს, სავარაუდოდ, რომელიმე პედაგოგის ან მშობლის ტექსტია, შემდეგ ნაწილობრივ ილია ჭავჭავაძეც შემოდის:

დიახ, ოთხი წელი გავიდა, რაც ვეზიარეთ ცოდნის წყაროს... ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის გულში გამოკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. , ძვირფასო ოთხო წელიწადო, ნეტავ იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხქვეშ არ ჩატყდომია“.

შემდეგ გოეთეც ერთვება:

რა ლამაზი ხარ, ოთხო წელო, შეჩედი წამით!

სპექტაკლებს ყველაზე ხშირად მეოთხეკლასელები დგამენ, ანუ ეს ტექსტები 10-11 წლის ბავშვებს ეკუთვნით:

კოსმოსში გაფრენილმა პირველმა ადამიანმა, როგორც კი გადმოხედა ცისფერ სამოსელში გახვეულ დედამიწას, მთელი სამყაროს გასაგონად დაიძახა: „რა სილამაზეა!“ - აი, ამ ულამაზეს პლანეტაზე ვცხოვრობთ ქართველები“.

ამას მოსდევს ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ დაარიგა ღმერთმა მიწები. ეს მითი, როგორც ჩანს, სასკოლო დადგმებში პოპულარობით სარგებლობს, რადგან სხვა სკოლაში ღმერთს როლიც კი მისცეს.

„- საქმეს მოვრჩი, სამართლიანად გავანაწილე მიწები.

- დიდება უფალს!

- ესენი ვინ არიან?

- ქართველები ვართ, უფალო!

- მერედა, სად იყავით აქამდე?

- სუფრას ვუსხედი, ვლხინობდით, სასმისებს ვცლიდით, შენი სადღეგრძელო პირველი შევსვით, უფალო, და დაგვაგვიანდა“.

სპექტაკლში ქართველებიც და ღმერთიც ყველა ბიჭია.

და კიდევ ერთი:

დედაენაშიჩახატული ია გახდა ჩვენთვის სიბრძნის მარადიული გაზაფხულის მახარობელი. გვასწავლის ყველაფერს ამას ჩვენი მასწავლებელი და თანდათან იზრდება დედაენის ფურცლები ბულბულის ყელით ნამღერი ქართული სიტყვებით“.

აქ სცენაზე სამი ბიჭი გამოდის, ორი „ავტომატებით არის შეიარაღებული“. ისმის ხმა: მტრებმადედაენისწართმევა დაუპირეს პატარა ლაზ ბიჭს... „დედაენასშეეშხეფა მისი წმინდა სისხლი“...

იმ ტრადიციის გათვალისწინებით, რომელიც სკოლების უმრავლესობაშია დამკვიდრებული, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აუცილებელია პედაგოგებს ჩაუტარდეთ ტრენინგები და მათში საბავშვო მწერლები, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და საბავშვო თეატრის წარმომადგენლები ჩაერთონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG