Accessibility links

ტრანს ფორმაცია — როცა შენი არ ესმით, მათ შორის, ექიმებს


როცა ნიკა [სახელი შეცვლილია] დაიბადა, ექიმმა ხელში აიყვანა და მშობლებს უთხრა - გოგოაო. გოგო არ იყო. ნიკა ტრანსგენდერი კაცია - მას ქალის ბიოლოგიური სხეული აქვს, თუმცა თავს კაცად აღიქვამს.

შეიცვალა სახელი, ატარებს მოკლე თმას და კაცებისთვის განკუთვნილ ტანსაცმელს.

ტრანსგენდერი ადამიანები ტრანზიციის სხვადასხვა გზას ირჩევენ. ზოგი სოციალურ ტრანზიციას არჩევს - განსხვავებულ სახელს იყენებს, ან ჩაცმულობას იცვლის. ზოგი სამედიცინო გზას ადგება - იღებს ჰორმონებს - ესტროგენს ან ტესტოსტერონს. ზოგიც ქირურგიულ ოპერაციას იკეთებს.

ახლახან, 34 წლის ასაკში ნიკამ სამედიცინო ტრანზიცია დაიწყო - ჰორმონალური თერაპიის გზით, ის იცვლის ხმის ტემბრს და სხეულზე თმის საფარს, რითიც სხეულს მაქსიმალურად უახლოებს თავის რეალურ იდენტობას.

ცოტა ხანში ნიკას გარშემომყოფებიც ისეთად დაინახავენ, როგორც თვითონ ხედავს საკუთარ თავს. სახელმწიფოსთვის კი ის, იურიდიულად, ისევ ქალად დარჩება. ჯანდაცვის სისტემა კი ნიკას მომსახურებისთვის მზად არაა.

ნიკა, 34, ტრანსგენდერი კაცი
please wait

No media source currently available

0:00 0:02:43 0:00

მოძველებული პრაქტიკა

საქართველოს არ გააჩნია პროტოკოლი ან გაიდლაინი, რომელიც განსაზღვრავდა ტრანზიციისთვის საჭირო დიაგნოსტირებას და თანმდევ სამედიცინო ღონისძიებებს.

მაგალითად, ტრანს ქალებს, ზოგიერთ კლინიკაში, მკერდის პლასტიკური ოპერაციის ჩასატარებლადაც კი სთხოვენ ე.წ. “ჭეშმარიტი ტრანსსექსუალის” ცნობას. მაშინ, როცა სისგენდერ ქალებს (რომელთა გენდერული იდენტობა ემთხვევა დაბადებისას მინიჭებულ სქესს) მასტექტომიისა თუ მამოპლასტიკის გაკეთება ყოველგვარი დამატებით დოკუმენტის გარეშე შეუძლიათ.

ქართული პრაქტიკით, როცა ტრანს ადამიანს სურს ტრანზიცია ჰორმონალური თერაპიის დასაწყებად მან ენდოკრინოლოგს უნდა წარუდგინოს ე.წ. “ტრანსსექსუალიზმის” დასკვნა ფსიქიატრისგან.

ტრანსექსუალიზმის დიაგნოზის მსგავსი არანაირი დასკვნა არ მაქვს

“ჩვენ, საქართველოში არსებული რეგულაციების თანახმად, ვალდებულნი ვართ, რომ გამოვიყენოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი კლასიფიკატორი. ამიტომ, მე ამ მდგომარეობას უნდა დავუძახო დაავადება. სხვანაირად დიაგნოზს ვერ დავწერ და უნდა დავწერო ტრანსსექსუალიზმი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ფსიქიატრი ეკა ბერძენიშვილი, რომელიც ტრანს თემთან მუშაობს და თვლის, რომ დღეს ეს უკვე მოძველებული მიდგომაა.

ბოლო წლებში მსოფლიოში მკვეთრად შეიცვალა ჯანდაცვის სპეციალისტების დამოკიდებულება ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. მიიჩნევა, რომ ტრანსგენდერობის მკურნალობა შეუძლებელია, შესაბამისად, ეს არაა დიაგნოზი. ტრანსგენდერობა მდგომარეობაა, რომელსაც სწორი მართვა სჭირდება.

2 წელიწადში ძალას დაკარგავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორი ICD 10, რომლითაც დღეს საქართველოში ხელმძღვანელობენ. 2022 წლიდან ძალაში შევა ახალი კლასიფიკატორი - ICD 11, რომელიც ე.წ. “ტრანსექსუალიზმის” დიაგნოზს არ ცნობს და ტოვებს მხოლოდ გენდერული დისფორიის ცნებას.

რა არის გენდერული დისფორია?

გენდერული დისფორია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა - როცა ადამიანი საკუთარი ტრანს მდგომარეობის გამო, ტრანსფობიურ გარემოში, ვერ ახერხებს სოციალიზაციას.

თუ ადამიანის სხეული არ შეესაბამება მის გენდერულ აღქმას და ამის გამო აქვს ემოციური პრობლემები - შფოთვა, გაღიზიანება, განწყობის დაქვეითება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ისმება გენდერული დისფორიის დიაგნოზი.

“ტრანსექსუალიზმის დიაგნოზის მსგავსი არანაირი დასკვნა არ მაქვს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქართველი ტრანსგენდერი ქალი მონიკა თიგიშვილი, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს და სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო სამედიცინო ტრანზიცია.

მონიკა
მონიკა

“აქ [ბელგიაში] არის ტრანს საავადმყოფო - სპეციალურად ტრანს ადამიანების საჭიროებებისთვის. ჰორმონოთერაპიის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ენდოკრინოლოგის და ქირურგის მომსახურებით. არანაირ დიაგნოზს არ იძლევიან, უბრალოდ შეხვედრებია - ფსიქოლოგი გეხმარება გადაწყვიტო რამდენად გინდა ჰორმონები, სქესის რედაქტირების ოპერაცია გინდა თუ არა და ზოგადად რა გინდა. ფსიქოლოგმა ინფორმაცია ჩემზე ერთ ფაილში მოათავსა, რომელიც შემდეგ ნახა ენდოკრინოლოგმაც და ქირურგმაც. მათაც შესაბამისი კითხვები დამისვეს, რომ უფრო გამყარებულიყვნენ იმ ინფორმაციაში, რაც ჩემს ფაილში იყო. ხოლო შემდგომში ენდოკრინოლოგთან გავიარე კონსულტაცია და მან გასცა რეცეპტი ჰორმონებზე”, - ამბობს მონიკა.

საქართველოში ექიმები ტრანს ადამიანებთან მუშაობის დროს ჯერ კიდევ საბჭოთა სტანდარტს იყენებენ - ეუბნება რადიო თავისუფლებას “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) იურისტი, ქეთი ბახტაძე:

“ერთ-ერთი ადამიანს დაკვირვების პროცესში უთხრეს, რომ ის ტრანსსექსუალი არ არის და ის არის უბრალოდ გეი. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა სპეციალისტები ვერ სვამდნენ სათანადო დიაგნოზს, იმიტომ, რომ არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია”.

WISG-ის კვლევის თანახმად, კლასიფიკატორის ქართულენოვან გამოცემებში არეულია სქესისა და გენდერის ტერმინები. მაგალითად, “gender identity disorder” (F64) ნათარგმნია, როგორც “სქესობრივი იდენტიფიკაციის დარღვევები”. სამედიცინო სახელმძღვანელოებსა და რეზიდენტურის მოდულებშიც “გენდერი” ნათარგმნია, როგორც - “სქესი”.

სამედიცინო პროფილის სტუდენტების სახელმძღვანელოების უმეტესობა არ ასახავს ბოლო წლების კლინიკური გამოცდილებასა თუ კვლევების შედეგებს.

(არა)ინფორმირებული თანხმობა

რა მოხდება თუ ტრანს ადამიანს არასწორ დიაგნოზს დაუსვამენ? ან ჰორმონების არასწორ დოზას დაუნიშნავენ? რა გარანტია აქვს მას, რომ სქესის კვლავმინიჭების შეუქცევადი პროცედურა სასურველ შედეგს მისცემს?

კანონი მოითხოვს, რომ ექიმმა ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე პაციენტისგან ინფორმირებული თანხმობა მიიღოს. პაციენტმა დეტალურად უნდა იცოდეს სამედიცინო პროცედურის სპეციფიკა და მისი მოსალოდნელი შედეგები. ტრანს ადამიანების შემთხვევაში ამ სტანდარტის დაცვა ვერ ხდება, რადგან თავად სტანდარტი არ არსებობს. შესაბამისად ტრანსგენდერი ადამიანები მოკლებულნი არიან გასაჩივრების შესაძლებლობასაც.

ერთ-ერთი ადამიანს დაკვირვების პროცესში უთხრეს, რომ ის ტრანსსექსუალი არ არის და ის არის უბრალოდ გეი
- ქეთი ბახტაძე

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო ტრანს ადამიანებს აიძულებს, ჩაიტარონ სქესის ცვლილებასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევები ისე, რომ არ განსაზღვრავს აღნიშნული პროცედურების სტანდარტებსა და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმს.

“ქირურგიული ოპერაცია, რომლის შესახებ რეკომენდაცია „ჭეშმარიტი ტრასსექსუალების“ მიმართ გაიცემა, იწვევს სავსებით არასაჭირო დასახიჩრებას, სტერილიზაციას, დიდი ტკივილსა და ტანჯვას”, - წერია გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის 2018 წლის ანგარიშში, რომელშიც საქართველოში არსებულ სიტუაციას აფასებს.

რას აკეთებს ხელისუფლება?

WISG-ის კვლევით, სხვადასხვა მონაცემებითა და გათვლებით, ტრანზიციის სრული პროცესის ღირებულება 12 000-დან 20 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. ჰორმონოთერაპია მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.

ევროპის ქვეყნების უმეტესობა სრულად ან ნაწილობრივ მაინც აფინანსებს სქესის კვლავმინიჭრებასთან დაკავშირებულ სამედიცინო ხარჯებს. საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სერვისი სამედიცინო ხარჯებს დიდწილად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს უნაზღაურებს.

იურისტი ქეთი ბახტაძე და ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შექმნას მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტრანს მდგომაროების მართვის ტაქტიკას შეიმუშავებს. ამასთან კონკრეტული თარიღი, თუ როდის გაიმართება შეხვედრა, უფრო ზუსტად ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას და იქნებიან თუ არა თავად ტრანს ადამიანები მასში ჩართული, ცნობილი არაა.

ახლა ნიკა ოპერაციის ფულს აგროვებს, თუმცა დაბალშემოსავლიანი სამსახურის გამო, ეს უფრო შორეული პერსპექტივაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG