Accessibility links

გამოცდის ჩაბარების საშუალებას მისცემენ აბიტურიენტს რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს ცნობით, ამ აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.

COVID-ინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს.

აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა. როგორც სამინისტრო იტყობინება, ინფიცირებულის ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება მყისიერად მოხდა. მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინო სივრცეში განთავსდა. მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებით PCR-ტესტი და საგნებს აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს გამოცდები განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს. აბიტურიენტთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვის მიზნით, საგამოცდო სივრცეები მოწყობილია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა აბიტურიენტი გაგებით ეკიდება შექმნილ ვითარებას და ზედმიწევნით იცავს მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის შექმნილ პროტოკოლს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG