Accessibility links

სასამართლომ NAEC-ს დაავალა, ორ აბიტურიენტს რელიგიური მრწამსის გამო გამოცდის თარიღი შეუცვალოს - TDI


ორ აბიტურიენტს, რომელიც რელიგიური მრწამსის გამო შაბათ დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდას ვერ აბარებდა, გამოცდის ჩაბარება შეეძლება. "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" ინფორმაციით, სასამართლომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს მსგავსი დავალება მისცა.

"​️სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციით დაცულ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებზე და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აბიტურიენტებს ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება შაბათ დღეს, 18 ივლისს უწევდათ, ისინი კი აცხადებდნენ, რომ ამ დღეს გამოცდაზე გასვლა არ შეეძლოთ და ალტერნატიული დღის შეთავაზებას ითხოვდნენ.

"ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება. მათი ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში. წელს მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ იუდაიზმის მიმდევარი აბიტურიენტებიც", - აცხადებდნენ "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში".

ორგანიზაცია განმარტავდა, რომ აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება შეეძლოთ წინა ან მომდევნო დღეს - 17 ან 19 ივლისს.

რადიო თავისუფლება გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ელოდება პასუხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG