Accessibility links

აშშ-ის მისია ეუთოში რუსეთს კატეგორიულად მოუწოდებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შეწყვეტისკენ


აშშ-ის მუდმივმოქმედი მისია ეუთოში, ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე დაჭრილი ზაზა გახელაძის მდგომარეობას და გმობს რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს. ამის შესახებ მისიის პოლიტიკური მრჩეველი ლეინ ბალი აცხადებს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და შემდგომ დაკავებას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებელ განთავისუფლებას“ - ნათქვამია მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულები და კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს თავისი საჯარისო ნაწილები, ასევე უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი გაწევა.

„კატეგორიულად აუცილებელია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს თავისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება და დაასრულოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია“ - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

11 ივნისს საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ესროლეს, დაჭრეს და დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად: "ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს". საგარეო უწყება კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისათვის.

ზაზა გახელაძე კვლავ საოკუპაციო ძალების ტყვეობაში რჩება.

ასევე ნახეთ: მხარეების მზაობა „ინციდენტების პრევენციის მექანიზმის“ აღსადგენად. პირველი საკითხი ზაზა გახელაძის დაჭრა და დაკავება იქნება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG