Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის ოჯახის რეაქცია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე


საოკუპაციო-გამყოფი ზოლი
საოკუპაციო-გამყოფი ზოლი

ზაზა გახელაძის ოჯახში უკვე იციან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ. საქართველოს დაჭრილი და გატაცებული მოქალაქის ოჯახის წევრები საგარეო უწყების მიერ მოყვანილ ფაქტებს ტყუილს და დეზინფორმაციას უწოდებენ, რუსეთის საგარეო უწყებამ კი ინციდენტის შესახებ განცხადება 15 ივლისს გაავრცელა.

ტექსტის დიდი ნაწილი ეთმობა 11 ივლისს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავების გარემოებებს აღწერს და თბილისს სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს.

ზაზა გახელაძის შესახებ რუსეთის ოფიციალური ვერსია ასეთია:

„11 ივლისს საქართველოს 33 წლის მოქალაქე, რომელსაც ეცვაკამუფლაჟიდა შეიარაღებული იყო ნახევრად ავტომატური იარაღით, შევიდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიის სიღრმეში 300 მეტრით. ის გადაეყარა რუსეთის მესაზღვრეთა ჯგუფს, რომელიც მოქმედებს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში და ითვალისწინებს ერთობლივი ძალებით სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვას 2009 წლის 30 აპრილიდან. მან დამალვა სცადა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მისამართით, დაახლოებით, 10-ჯერ გაისროლა. საპასუხო ცეცხლის დროს ის მსუბუქად დაიჭრა. კანონდამრღვევს აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც მოათავსეს საავადმყოფოში და იქ იმყოფება დღემდე“.

რუსეთის საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გახელაძემ საკუთარ ჩვენებაში აღიარა ფაქტი და, კერძოდ, ის, რომ მიზანმიმართულად გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის საზღვარი.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, „ზოგჯერ, მიუხედავად საკმაოდ სერიოზული პროვოკაციული ხასიათის მსგავსი დარღევებისა და რუსული მხარის განწყობისა, რომ საკითხი გადაწყვიტოს მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და მოქნილად, თბილისში, სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე ცდილობენ აქედან მოაწყონ პოლიტიკური სპექტაკლი იმით, რომ პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანონ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცალკე გამოყოფს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს შეფასებებს, რაც, ოფიციალური მოსკოვის შეფასებით, უკვე ტრადიციულ ამერიკულ მანერას წარმოადგენს.

ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური, ამბობს, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ტყუილებითაა სავსე. მისი თქმით, ზაზა საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს, მას მართლაც ჰქონდა სანადირო თოფი, საიდანაც ათი გასროლა წარმოუდგენელია:

„პოლიცია დაგიდასტურებთ, რომ სანადირო თოფიდან 10 ტყვიის გასროლა შეუძლებელია და თუ ათი ტყვია იმან ჩატენა და გაისროლა და ჩატენა და გაისროლა, მაგის საშუალებას რანაირად მისცემდნენ ის მესაზღვრეები, ეს ხომ ყველანაირად აბსურდია?“

11 ივლისს დე ფაქტო კაგებეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ზაზა გახელაძის მიერ 8 გასროლის შესახებ იყო საუბარი, რუსეთის საგარეო უწყებამ უკვე ორი გასროლაც დაამატა. ქვემოჭალელები კი აცხადებენ, რომ ზაზა გამოცდილი მონადირეა და მას სროლა რომ დაეწყო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს არ ააცილებდა. გარდა ამისა, იმ დღით ზაზასთან ერთად მისი მეგობარი კობა ფარესაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც გზაზე ოდნავ ჩამორჩა. ფარესაშვილმა ერთი გასროლის ხმა გაიგონა და იქიდან გამოქცევა მოახერხა. ქვემოჭალელების თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩასაფრებულმა ე.წ. მესაზღვრეებმა ზაზას ერთხელ ესროლეს და ფეხში დაჭრეს.

დაჭრილი და გატაცებული მოქალაქის ოჯახს ცხინვალიდან დეტალური ინფორმაცია ჯერ არ მიუღია, ოჯახის წევრები ისევ ელოდებიან ზაზასთან, ცხინვალის საკარანტინო ზონაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების შესვლას. ზაზას ცოლის, ირმა ბუთხუზის, თქმით, წითელმა ჯვარმა მას ოჯახის მიერ დაწერილი ბარათიც უნდა გადასცეს.

„რატომ იძახიან და რა საფუძველი აქვთ, რომ ათი ტყვია ისროლა, არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი. ველოდებით ისევ წითელი ჯვრის შესვლას, რა ინფორმაციას მოგვაწვდის წითელი ჯვარი და რა იქნება შემდეგ“.

მსუბუქად დაჭრილია მარცხენა ფეხში. ტყვია არ შეეხო ძვალს, შევიდა რბილ ქსოვილებში და არ დააზიანა სისხლძარღვები...
ეგორ კოჩიევი

ქვემო ჭალის მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს, დილით ადრე, სამთავისელ მეგობართან ერთად სოკოს საკრეფად სხვილოს ციხისკენ წავიდა. მეგობარი გზაში ჩამორჩა, ზაზამ კი გზა ციხის გაღმა გააგრძელა. ციხიდან ოკუპირებულ სოფელ ახმაჯამდე დიდი მანძილია და ქვემოჭალელები იქ არაერთხელ ყოფილან. მოულოდნელად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ზაზას მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. უკან ჩამორჩენილმა ზაზას მეგობარმა გამოქცევა მოახერხა, ზაზა კი ფეხში დაიჭრა და გადაადგილება ვეღარ შეძლო. ე.წ. მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს, იქიდან კი ცხინვალის საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმაც, გააკეთა. მისი თქმით, გახელაძე

„მსუბუქად დაჭრილია მარცხენა ფეხში. ტყვია არ შეეხო ძვალს, შევიდა რბილ ქსოვილებში და არ დააზიანა სისხლძარღვები. მას ლენინგორის საავადმყოფოში გაუწიეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ამის შემდეგ კი ის ცხინვალის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის კასპის მუნიციპალიტეტში დაჭრასა და უკანონო დაკავებას. უწყება სახიფათო ქმედებად მიიჩნევს ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ მიზანია პანდემიის დროს ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია.

„ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ფაქტს 12 ივლისს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. საელჩომ საქართველოს მოქალაქისადმი სროლისა და მისი დაკავების ფაქტი შეაფასა, როგორც სიტუაციის გამწვავებისაკენ მიმართული პროვოკაციული ქმედება და ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

მხარეებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა ერგნეთში ჩატარდეს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო შეხვედრა, სადაც გახელაძის ინციდენტს განიხილავენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ შეხვედრის ორგანიზებითაა ახლა დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG