Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრულის სამხრე კამერების ექსპერტიზა გამოძიებამ თითქმის ერთი თვის თავზე მოითხოვა


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მასალებიდან ირკვევა, რომ გამოძება ფეხბურთელის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, 15 ივლისს ითხოვს იმ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერების ამოღებასა და ექსპერტიზას, რომლებმაც ინციდენტის ღამეს, მცხეთის მაგისტრალიდან წამოიყვანეს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სამხრე ვიდეო-კამერების მეშვეობით მოპოვებული მონაცემები, მხოლოდ 30 დღის ვადით ინახება. რატომ გამოითხოვა გამოძიებამ სამხრე კამერები ვადის ამოწურვამდე მხოლოდ 4 დღით ადრე, ამის შესახებ საქმის მასალებში, ცხადია, არაფერი წერია.

შაქარაშვილის საქმის მასალების თანახმად, საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, რომელმაც 19 ივნისის ღამეს იაკობ ბრეგვაძე მცხეთიდან თბილისში ჩამოიყვანა, არ იყო აღჭურვილი ვიდეო რეგისტრატორით. ინფორმაციას ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს აწვდის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი:

„საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ბორტის ნომრით „8104“, 2020 წლის ივნისის თვეში, არ იყო აღჭურვილი ვიდეო რეგისტრატორით. აღნიშნული ავტომანქანა, არც დღეის მდგომარეობით არის აღჭურვილი ვიდეო რეგისტრატორით. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას გადმოგცეთ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ვიდეო-რეგისტრატორი“.

მცხეთა მთიანეთის სამმართველოს უფროსი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს პასუხს უბრუნებს სამხრე კამერების შესახებაც და სწერს, რომ ჩანაწერები კრიმინალურმა პოლიციამ უნდა გამოითხოვოს არა მცხეთა-მთიანეთის სამმართველოდან, არამედ 112-ისგან, სადაც ეს ჩანაწერები ინახება 30 დღის განმავლობაში.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის პასუხისა, რომ მათთან არც ავტომანქანის ვიდეო-რეგისტრატორი და არც სამხრე-კამერების ჩანაწერები არ ინახება, 15 ივლისით დათარიღებულ საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ოქმში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის 14 ივლისს, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოდან ამოღებულ იქნა ჯიქურაშვილისა და ზარიაშვილის სამხრეო ვიდეო-კამერები და ასევე საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ბორტ-კომპიუტერი.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სთხოვს ვალერი ჯიქურაშვილისა და გიორგი ზარიაშვილის სამხრე კამერებზე საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას.

ექსპერტიზისათვის დასმული შეკითხვებია:

  • ინახავს თუ არა კამერები 19 ივნისის ღამეს ჩაწერილ ინფორმაციას?
  • წაშლილია თუ არა კამერებიდან 2020 წლის 18 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის 03:00 საათამდე დროის მონაკვეთში გადაღებული ინფორმაცია?
  • ახორციელებდა თუ არა პოლიციის ავტომანქანის ბორტ-კომპიუტერი ვიდეო/ფოტო ან აუდიო ჩანაწერს? და წაშლილია თუ არა ეს ინფორმაცია?

პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებისა და ბორტ-კომპიუტერის ჩანაწერების შინაარსი შაქარაშვილის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ საქმის მთავარი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები, რომელმაც ინციდენტის ღამეს პატრული გამოიძახა, გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს. არსებობს ვარაუდი იმის შესახებაც, რომ იაკობ ბრეგვაძის მიერ განხორციელებული ზარი 112-ში, რომლის ჩანაწერიც შსს-მ გამოაქვეყნა, შესაძლოა, არ იყოს ავთენტური. თუმცა, ამ დრომდე, ექსპერტიზა ზარის ავთენტურობასთან დაკავშირებით, არ ჩატარებულა. გარდა ამისა, პატრულ-ინსპექტორების გამოკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ იაკობ ბრეგვაძე შემთხვევით შეესწრო მცხეთის მაგისტრალზე ჩხუბს, ის ახალგაზრდებს არ იცნობდა და დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით ე.წ. ავტოსტოპით მოდიოდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იაკობ ბრეგვაძის სატელეფონო ამონაწერების თანახმად, მას 112-ში არ დაურეკავს. ის 00:50 წუთზე ახორციელებს ზარს უცხო ნომერზე. თუ რა ნომერს უკავშირდება ის, დეტალურ ნუსხაში მითითებული არ არის. 01:08 წუთზე მას ტელეფონით უკავშირდება პატრულ-ინსპექტორი გიორგი ზარიაშვილი. ერთ წუთში კი ბრეგვაძეს აქეთ ურეკავს 112.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტის ღამეს, მცხეთაში მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გურამ ამირხანაშვილი „კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს თბილისში, გიორგის კვალი კი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG