Accessibility links

ცნობილმა მუსიკოსმა, იური შევჩუკმა, მხარი დაუჭირა ხაბაროვსკში მიმდინარე აქციის მონაწილეებს


იური შევჩუკი

ცნობილი რუსული როკჯგუფის (DDT) ლიდერმა, იური შევჩუკმა, მხარი დაუჭირა ხაბაროვსკის მცხოვრებლებს, რომლებიც 9 დღის განმავლობაში აწყობდნენ აქციებს მხარის გუბერნატორის, პატიმრობაში მყოფი სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად.

მუსიკოსის ვიდეო ალექსეი ნავალნის რეგიონულმა შტაბმა ტვიტერში გამოაქვეყნა.

„ჩვენი ქვეყნის მრავალი გულშემატკივარი ადამიანი ღრმად თანაუგრძნობს მოვლენებს, რომლებიც ახლა ხდება სახელოვან ქალაქ ხაბაროვსკში. პიტერელი მუსიკოსები ჩვენი ჯგუფის სახით, ყოველმხრივ უჭერენ მხარს თქვენს ბრძოლას სამართლიანობისათვის. სიკეთე და გამარჯვება თქვენ. ხაბაროვსკო, შენ მარტო არ ხარ“, - განაცხადა შევჩუკმა.

18 ივლისს ათიათასობით ადამიანი გავიდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის რეგიონის ქალაქ ხაბაროვსკის ქუჩებში, რაც ყველაზე ხალხმრავლი აქცია იყო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააპატიმრეს და მოსკოვში, საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს ოლქის გუბერნატორი, სერგეი ფურგალი.

9-დან 18 ივლისამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები ფურგალის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა და ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. თვითონ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მისი მომხრეები, რომლებიც დაპატიმრების შემდეგ მართავენ დემონსტრაციებს, ეჭვქვეშ აყენებენ ბრალდებას და შეკითხვას სვამენ, რატომ გამოვლინდა ეს საქმე 15 წლის შემდეგ.

ფურგალი, რომელიც რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, უარყოფს ბრალდებებს. მისი მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG