Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში მოკლული ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მისმა ნათესავებმა აიღეს


მამიხან უმაროვის ნათესავები
მამიხან უმაროვის ნათესავები

ავსტრიაში მოკლული ჩეჩენი ბლოგერის მამიხან (ანზორ) უმაროვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მისმა ნათესავებმა აიღეს, რომლებმაც შესაბამისი განცხადება ჩეჩნურ ენაზე გაკეთებული ვიდეომიმართვის სახით გაავრცელეს.

„ჩვენი მოდგმიდანაა ძაღლი, მამიხან უმაროვი, რომელიც ევროპაში ცხოვრობდა. ვიდრე მას არ გაუსწორდნენ, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა გამოვჩენილიყავით. ჩვენ შევეცადეთ მასთან კავშირის დამყარებას და მის შეჩერებას. ვუთხარით მას, შეწყვიტე, დაანებე თავი, ნუ აკეთებ ამას. მან გვიპასუხა, რომ ევროპის სპეცსამსახურები მოსვენებას არ მისცემენ და მათი დავალებით მან ასე უნდა ილაპარაკოს“, - ამტკიცებს მიმართვის ავტორი, სოფელ მესკერ-იურტში მცხოვრები უმაროვის ნათესავი, რომლის სიტყვებიც რადიო თავისუფლების საიტ „კავკაზ.რეალიის“ მოჰყავს.

მისი სიტყვებით, ამის შემდეგ უმაროვის ნათესავები მიხვდნენ, რომ საჭირო იყო „ნებისმიერი გზით“ მისი შეჩერება.

„ჩვენ შევაჩერეთ ის, რადგან ვალდებული ვიყავით ეს გაგვეკეთებინა. ევროპაში ბევრი ადამიანია, რომლებიც უმიზეზოდ არიან დაპატიმრებული მკვლელობის ბრალდებით. რაც მოხდა, ჩვენგან მოხდა. ეს ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ნუ ტანჯავთ ხალხს, დაანებეთ თავი“, - ამბობს უმაროვის ნათესავი ვიდეოში.

თავად ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

თავშესაფრის მაძიებელი, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსი მამიხან უმაროვი, 4 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს ვენის შემოგარენში, გერასდორფში მდებარე სავაჭრო ცენტრთან ახლოს.

მკვლელობასთან კავშირის გამო ორი მამაკაცი დააპატიმრეს.

მამიხან უმაროვის ნათესავებმა, მათ შორის მოკლულის მამის ძმამ ვახა უმაროვმა და დედის მხრიდან ბიძამ, ლომ-ალი უსმანოვმა ვიდეო მიმართვაში პატიება სთხოვეს ჩეჩნეთის ხალხსა და რესპუბლიკის მეთაურს.

„ყველაფერი შეურაცხმყოფელი, რასაც ის ამბობდა, ჩვენს საწინააღმდეგოდ იყო ნათქვამი,“- დაამატეს მათ.

ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა, რამზან კადიროვმა, უცხოეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა ევროპაში ჩეჩენი ბლოგერების, მათ შორის მამიხან უმაროვის (იგივე ანზორის) და იმრან ალიევის მკვლელობებში.

XS
SM
MD
LG