Accessibility links

"ფრონტერა" საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სიცრუესა და თვალთმაქცობაში


გაზის და ნავთობის მომპოვებელმა ამერიკულმა კომპანია „ფრონტერამ“ დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელებად შეაფასა საქართველოს მთავრობის განცხადება, რომელიც ეხებოდა კომპანიასთან კონტრაქტის შენარჩუნებას.

„ფრონტერა“ მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, შეწყვიტონ გამიზნული სიცრუის, ზიანის მიყენების და თვალთმაქცობის პრაქტიკა და ამის ნაცვლად დაიწყონ კომპანიასთან პატიოსნად ურთიერთობა და ამ გზით შეუწყონ ხელი ნამდვილი პარტნიორობის სულისკვეთებას.

ამერიკული კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის განცხადება შეიცავდა ცილისწამებას, რაც ემსახურებოდა „ფრონტერასთვის“ სახელის გატეხვას და მისი საქმიანობის შესახებ ცრუ განცხადებების გავრცელებას.

„ფრონტერა“ განმარტავს, რომ არასდროს ყოფილა ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი და საქართველოს მთავრობის მიერ მცდარი ინფორმაციის გავრცელება მიმართულია შეცდომაში შეყვანის და დიდსულოვნების და კეთილმოსურნეობის შთაბეჭდილების შექნისკენ, მაშინ, როცა ფაქტობრივად, ეს არის არაგულწრფელი ქცევის გაგრძელება, რომლის მიზანია აშშ-დან პირდაპირ უცხოური ინვესტიციებისთვის ხელისშეშლა.

„ფრონტერას“ ინფორმაციით, აპრილის შემდეგ არაერთხელ მოითხოვეს საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა, ყველა ეს მოთხოვნა უარყოფილი, ან იგნორირებული იყო, ახლა კი, მაღალი თანამდებობის პირები კონსტრუქციული შეხვედრის ყოველგვარი მცდელობის გარეშე საჯარო განცხადებას აკეთებენ.

ამერიკული კომპანიის განცხადებაში საუბარია საქართველოში საქმიანობის შედეგებზე, კერძოდ, კახეთის რეგიონში 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, ასობით ქართველის და ამერიკელის დასაქმებასა და საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესაძლებლობის შექმნაზე. „ფრონტერას“ შეფასებით, რაღაც თამაშები ამერიკული ბიზნესისთვის მისასალმებელ გარემოს არ ჰგავს.

„ფრონტერა“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, პატივი სცეს ხელშეკრულების პირობებს, კომპანიასთან გამართოს კონსტრუქციული შეხვედრა და მუშაობის უსაფრთხოდ და დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე განახლების გარანტია მისცეს.

23 ივლისს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ საარბიტრაჟო დავის მოგების მიუხედავად, მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მოშალოს კონტრაქტი „ფრონტერა“-სთან და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

მთავრობის გადაწყვეტილება ახსნილია იმით, რომ ​საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია და უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG