Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა "ფრონტერა"-სთან კონტრაქტს ინარჩუნებს


საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მოშალოს კონტრაქტი „ფრონტერა“-სთან და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, სახელმწიფოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ:

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა „ფრონტერა“-სთან დავაში დაუშვებელია რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში ,,ფრონტერას“ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ. საქართველოს საინვესტიციო იმიჯი და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა, პირველ რიგში, ამერიკის ბიზნესწრეებთან კავშირისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.“

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებითვე, მთავრობის გადაწყვეტილება კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ“-ს საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც სასურველია, კონცენტრირება მოახდინოს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და გააგრძელოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების კუთხით:

„ამგვარი მიდგომით ხაზს ვუსვამთ საქართველოს გულწრფელ სურვილს, ღია და გამჭვირვალე იყოს ურთიერთობა ,,ფრონტერასთან,, რისთვისაც ასევე, სასურველია კომპანიამ გაასაჯაროვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემაჯამებელი ნაწილი, რომელიც არ შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ და რომელიც ნათელს მოჰფენს დავის საგანს. საკითხის მიმართ ჭარბი ინტერესი და სპეკულაცია ამით დასრულდება და დაინტერესებული მხარეები, აშშ-ს სენატორებისა და კონგრესმენების ჩათვლით, სათანადო ინფორმაციას ღია წყაროდანაც მიიღებენ“.

საქართველოს მთავრობამ „ფრონტერა“-სთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის აპრილში განაცხადა და საფუძვლად დაასახელა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 17 აპრილს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ერთი მხრივ, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებზე გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის კონტრაქტიდან გამომდინარეობს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

„ფრონტერა“ ზოგიერთ სხვა კომპანიასთან ერთად ნახსენები იყო ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ საქართველოს, თუ აშშ-ის ხელისუფლებისთვის გაგზავნილ არაერთ წერილში, როგორც საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების მაგალითი.

ივნისის დასაწყისში კომპანია „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სტივ ნიკანდროსმა და კომპანიის პრეზიდენტმა ზაზა მამულაიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაუგზავნეს წერილი, რომლის თანახმად, საქართველოში იზრდება ანტიამერიკული განწყობები, გაუარესდა საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, სასამართლო გამოყენებულია როგორც იარაღი და უპირატესობა ენიჭება სახელმწიფოს მიტაცებას.

სახელმწიფოს და "ფრონტერას" დაპირისპირების მიზეზებზე წაიკითხეთ აქ.

თავად "ფრონტერას" წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაუმართავთ გათავისუფლებულ თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიას ბრალს სდებენ უფლებების დარღვევაში.

გაზის და ნავთობის მომპოვებელი ამერიკული კომპანია საქართველოში, კერძოდ, დედოფლისწყაროსა და მარნეულში 1997 წლიდან მუშაობს.

ასევე ნახეთ:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG