Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში განმარტავენ, რატომ არ იმყოფებოდა კარანტინში უცხოელი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა


უცხო ქვეყნის მოქალაქე, ბათუმის „რადისონის“ სტუმარი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოვიდა, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით, არა 2-კვირიან კარანტინს, არამედ 72 საათში ერთხელ ტესტირებას ექვემდებარებოდა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ. მისი ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი გასულ კვირაში დაუდასტურდა, საქართველოში თანმხლებ პირებთან ერთად საქმიანი ვიზიტით ჩამოვიდა, საზღვარზე ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ნიჟარაძის განმარტებით, კორონავირუსი მოგვიანებით გამოვლინდა საქმიანი ვიზიტებისთვის დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტირებისას. უცხო ქვეყნის მოქალაქე ბათუმის კოვიდცენტრში გადაიყვანეს, ხოლო მისი თანხლები პირები და სასტუმრო „რადისონის“ სამი თანამშრომელი - იზოლაციაში.

„როგორც კი შემთხვევა გამოვლინდა, ყველა კონტაქტის იზოლაცია მოხდა. შემხებლობაში ვინც იყო, ყველას ჩაუტარდა ტესტირება, დამყარდა ორკვირიანი იზოლაცია. არ საჭიროებენ, მაგრამ მაინც უტარდებათ ამ პირებს 72 საათში ერთხელ ტესტირება და ყველა რჩება უარყოფითი. მათი რისკის პერიოდი უკვე გადავლილია. არანაირი რისკი სასტუმროს სხვა დამსვენებლებს და ტურისტულ სეზონს არ აქვს“, - აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სპეციალური პროტოკოლით, საქმიანი ვიზიტის წინ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ევალებათ წინასწარ ონლაინრეგისტრაცია, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი - ტესტირება 72 საათში ერთხელ. ნინო ნიჟარაძის თქმით, შიდა და, ასევე, რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტურიზმის გახსნასთან ერთად შემუშავდა სპეციალური პროტოკოლი, რომელსაც „რადისონთან“ ერთად სხვა სასტუმროებიც იცავენ.

ბათუმში ჩასვლიდან ცოტა ხანში, უცხო ქვეყნის მოქალაქის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვა, რატომ არ იმყოფებოდა ის კარანტინში, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების მსგავსად.

XS
SM
MD
LG