Accessibility links

გაეროს უფლებადამცველი ორგანო აშშ-ისგან მოითხოვს, უზრუნველყოს ქალაქებში განთავსებული ფედერალური ძალების სათანადო ქცევა


გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების პრესმდივანი ლიზ თროსელი

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურმა მოთხოვა აშშ-ს, რომ ამერიკის ქალაქებში განთავსებულმა ფედერალურმა ძალებმა არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ და უკანანოდ არ დააკავონ ისინი.

"მოგვდის შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ მშვიდობიან გამომსვლელებს აკავებენ პოლიციელები, რომელთა ვინაობა უცნობია და ეს შემაშფოთებელია, რადგან ამის გამო, დაკავებულები შესაძლოა კანონისგან დაუცველნი აღმოჩნდნენ და ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს თვითნებურ დაკავებებს და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებს", - განაცხადა ლიზ თროსელმა, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის პრესმდივანმა, ჟენევაში ბრიფინგზე 24 ივლისს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 ივლისს თქვა, რომ ფედერალურ აგენტებს გააგზავნის ამერიკის უფრო მეტ ქალაქში, რათა შეაჩეროს იქ დანაშაულის რიცხვის ზრდა. ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და მისი კამპანიის ერთ-ერთი დაპირება მართლწესრიგის დამყარებაა.

ტრამპმა, რომელმაც უკვე მიიღო სადავო გადაწყვეტილება პორტლანდსა და კანზას სიტიში ძალების განთავსების შესახებ, განაცხადა, რომ დაახლოებით 200 ფედერალურ მოსამსახურეს გააგზავნის ჩიკაგოში და 35-ს - ალბუკერკეში.

ბევრ ქალაქში, მათ შორის, ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და მილუოკიში, მკვეთრად გაიზარდა დანაშაული, შეიარაღებული ძალადობის ჩათვლით, რაც მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც გაიმართა მინესოტელი პოლიციელის მიერ უიარაღო აფრიკელ-ამერიკელი მამაკაცის მკვლელობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG