Accessibility links

„ნუ ეკითხები, დაასხი!“ - რეპორტაჟი ლილოს ბაზრობიდან


Covid-19-ის 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება. დღეიდან ბაზრობაზე, რომელიც 35 ჰექტარზეა გადაჭიმული, ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო. ბაზრობაზე შესვლის მსურველს ნიღაბი უნდა ეკეთოს და სიცხეც უნდა გაიზომოს.

- სადეზინფექციო ხსნარი გინდათ? - ეკითხება ბაზრობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი კლიენტს და მაშინვე უფროსის შენიშვნას იმსახურებს.

- ნუ ეკითხები, ბიჭო, დაასხი!

- მე მეგონა, ნებაყოფლობით იყო. ზოგი მეუბნება, ალერგია მაქვსო.

- თუ ალერგია აქვს, არ შეუშვა!

თვეებია, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ბაზრობაზე მეგაფონებით დადიან და ხალხს დისტანციის დაცვისა და ნიღბის ტარებისკენ აუდიოჩანაწერით მოუწოდებენ, თუმცა აპარატურის ელემენტები ხშირად დამჯდარია და მოწოდების ნაცვლად მხოლოდ მონოტონური წრიპინი ისმის, ისიც მხოლოდ ქართულად, მაშინ როცა ბაზრობაზე დასაქმებულებმა ქართული თითქმის არ იციან.

ლილო მოლში მყიდველიც და გამყიდველიც ნიღბით დადის - უფრო გამყიდველი, კლიენტები თითქმის არ ჩანან. ვაჭრები ამას არა ვირუსს, არამედ ზაფხულსა და პარასკევ დღეს აბრალებენ.

„ნიღაბი გვიკეთია, აქ არაფერია საშიში“, - ამბობს მამაკაცი, რომლის ერთჯერადი ნიღაბი ხმარებისგან უკვე გაცვეთილი და გაჭუჭყიანებულია.

სხვა გვიხსნის, რომ ბაზრობაზე არავინაა ავად, ყოველ შემთხვევაში, „ამ რიგში“.

„წიგნში და რვეულში რაც წერია, ყველაფერს ვიცავთ“, - გვეუბნება მეთინა, რომელიც ახალი კორონავირუსის გამო სახლში დარჩენას არ აპირებს. - „მარტო იმათ რომ არ იარონ, ვინც ავადაა, არ შეიძლება?“ - კითხულობს ის.

ერთი საათით ბაზრობაზე დაყოვნება ცხადყოფს, რომ „წიგნში და რვეულში“ დაწერილი წესები რეალობაში ნაკლებად მოქმედებს. თითქმის ყველას ნიღაბი ცხვირ-პირზე კი არა, მხოლოდ პირზე აქვს აფარებული. ხელთათმანებიც მხოლოდ იმიტომ უკეთიათ, რომ ევალებათ. ფორმადაკარგულ რეზინს ეტყობა, რომ ის მინიმუმ ერთი დღე გამოუცვლელად ატარეს.

ერთ გოგონას რეზინის ხელთათმანები საპირფარეშოს კაბინიდან გამოსვლის მერეც არ მოუხსნია. პირიქით, შარვალი გაისწორა, ხელები ხელთათმანიანად დაიბანა, იქვე დადებული ახლად გარეცხილი მადუღარა და ჭიქები აიღო და წავიდა.

„კი გვეშინია კორონასი, მაგრამ აუცილებელი რომაა, მაინც მოვედით“, ამბობს ხანში შესული ქალბატონი და რიგებს შორის მიაბიჯებს. - „კაბის ყიდვა მინდა, ამას სანტექნიკა უნდა“.

„შიში შეიქმს სიყვარულსა, ვფიქრობთ, უფრო პანიკაა, ჯერ დადგინდეს და მერე ვნახოთ“, - გვეუბნება სხვა.

მკერავი ქალი ფარდების გარემოცვაში ზის. დილის რვა საათიდან ხუთამდე აქაა. მის ჯიხურში უქმე დღეებში 15-მდე ადამიანი მაინც შედის. კორონასი არ ეშინია, დარწმუნებულია, რომ არც ბაზრობაზე და არც საქართველოში ვირუსი არაა.

სხვა რიგში ახალგაზრდა მამაკაცს ისიც კი არ სჯერა, რომ ვირუსი საერთოდ არსებობს: „სიმართლე თუ გინდათ, არ მჯერა ეს კორონა“, - ამბობს ის.

ბაზრობის გამოსასვლელში ქალი ჩანთებით ვაჭრობს. ეშინია, რომ ახალი კორონავირუსის გამო ბაზრობას დახურავენ და ყოველდღიური სარჩოს გარეშე დარჩება.

„მწვანე ზონად იყო გამოცხადებული ბაზრობა. ახლა ვიღაცას აღმოაჩნდაო. თუ დაიკეტა, რთული იქნება, შიშით ვზივარ აქ. 10 ლარს თუ იშოვი დღეში, თავის გასატან ფულს, თორემ ჩანთას რა შეუძლია მეტი“, - ამბობს და თან ჩანთებს უკირკიტებს.

ბაზრობის დახურვის შიში ტაქსისტ ზაალსაც აქვს, შვილები და შვილიშვილები მშივრები დამრჩებიანო. მისი ოჯახის შვიდ სულს ერთი მანქანა არჩენს.

ლილოს ბაზრობაზე ახალი კორონავირუსის გავრცელება გარდაბნის მცხოვრებთ უკავშირდება, რომელთაგან ბევრი სწორედ აქ მუშაობს. დღეს, შსს-ს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. სოფელი ჩაკეტეს. დაიკეტება თუ არა ლილო მოლი, რომელიც 6 000-მდე სავაჭრო ობიექტს აერთიანებს, ცნობილი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG