Accessibility links

სერბული შეიარაღება სომხეთში: რას (არ) ადასტურებენ თბილისსა და ბელგრადში


სერბეთის ვაჭრობის მინისტრი, რასიმ ლიაიჩი და საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია.

სერბეთში ადასტურებენ მცირე იარაღის ექსპორტს სომხეთში. საქართველოს ოფიციალური პირები უარყოფენ ცნობებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გაიარა სომხეთისთვის განკუთვნილმა სამხედრო შეიარაღებამ სერბეთიდან და რუსეთიდან.

“უ ნიშნავს, რომ არ ყოფილა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გადაჭრით აცხადებს, რომ აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიის გავრცელებული ცნობები უსაფუძვლოა.

“ჩვენ ვმოქმედებთ ყოველთვის საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის დაცვით და ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გათვალისწინებით”, - უთხრა თალაკვაძემ ჟურნალისტებს 24 ივლისს და დაამატა: “ეს ცნობა არის უსაფუძვლო. უ ნიშნავს, რომ არ ყოფილა [ტრანზიტი საქართველოს გავლით]”.

19 ივლისის სარედაქციო წერილში Haqqin.az ამტკიცებდა, რომ სერბეთმა და რუსეთმა საქართველოს დახმარებით, სომხეთს სამხედრო ტვირთი მიაწოდეს. გამოცემის მტკიცებით, შეიარაღება სომხეთმა გამოიყენა 12 ივლისს აზერბაიჯანზე თავდასხმის დროს.

ამის შემდეგ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს სერბეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ოფიციალურმა ბაქომ საკუთარი სტრატეგიული პარტნიორისგან, სერბეთისგან განმარტებები ითხოვა.

პარალელურად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Haqqin-ის ცნობები დეზინფორმაციად შეაფასა. საპასუხოდ გამოცემამ ორ ფოტო გამოაქვეყნა, რომლებზეც, მათი მტკიცებით, ჩანს კამაზის ტიპის რუსული ავტომობილები, რომელთაც საქართველოს სახმელეთო გზით, სომხეთის მიმართულებით შეიარაღება გადააქვთ. Haqqin, ასევე, წერს, რომ სომხეთში შეიარაღების გასაგზავნად, საქართველომ საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა სლობოდან ტესიჩს, სერბ იარაღით მოვაჭრეს, რომელიც სანქცირებულია აშშ-ის კონგრესის მიერ.

საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ თბილისსა და ბაქოს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და, მეტს გეტყვით, ძმობასაც, არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს, ეს ერთი. მეორე, ნანახი გაქვთ ეს ფოტო? ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე და რა შეიარაღება?!“- ამბობს გახარია.

“2020 წელს სომხეთში შეიარაღების ექსპორტზე ორი ნებართვა გაიცა”, - სერბი მინისტრი

სერბეთის ვაჭრობის მინისტრი, რასიმ ლიაიჩი რადიო თავისუფლების ბალკანურ სერვისთან აცხადებს, რომ 2020 წლის მაისსა და ივნისში სერბეთმა ორი ნებართვა გასცა სომხეთში შეიარაღების ექსპორტზე - გაიგზავნა შაშხანებისა და პისტოლეტების ამუნიცია (ტყვია-წამალი). მანამდე მან თქვა, რომ მიმდინარე წელს ექსპორტირებული შეიარაღების ღირებულება ერთ მილიონ ევროზე ნაკლები იყო.

“მანამდე, 2015-ში, მგონი, სომხეთში გაიგზავნა იმ ტიპის იარაღი [ნაღმმტყორცნები], რომელზეც აზერბაიჯანი მიუთითებს”, - ამბობს ლიაიჩი, რომლის უწყება საბოლოო ნებართვას გასცემს ნებისმიერი სახის შეიარაღების ექსპორტზე სერბეთიდან.

რასიმ ლიაიჩი განმარტავს, რომ “ფორმალურად და სამართლებრივად, სერბეთს არაფერი დაურღვევია, რადგან სომხეთი არაა სანქციების ქვეშ გაეროსგან, ეუთოსგან, ევროკავშირისგან თუ სხვა ინსტიტუციისგან თუ ქვეყნისგან”.

მინისტრი არ აკონკრეტებს, მიმდინარე წელს, რომელმა კერძო კომპანიამ გაყიდა სომხეთში შეიარაღება და თქვა, რომ “ასეთი პრაქტიკა არ არსებობს”. ზოგიერთი ლოკალური სერბული მედია, ასევე, სპეკულირებს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სლობოდან ტესიჩი.

რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა ტესიჩსა და მის ადვოკატებს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

რადიო თავისუფლებამ, რამდნიმე მცდელობის მიუხედავად, კომენტარი ვერ მოიპოვა ვერც სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან.

წაიკითხეთ ასევე:

პრეტენზიები საქართველოსთან - გამოხატავს თუ არა აზერბაიჯანული გამოცემის პოზიცია ოფიციალური ბაქოს წყენას

აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin საქართველოს საგარეო უწყებას ახალი ბრალდებებით პასუხობს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG