Accessibility links

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა


შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, მიმდინარე პროცესს 11-ვე სრულწლოვანი ბრალდებული ესწრებოდა. ბრალდებული მორაგბეების ადვოკატები სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს საკითხს აყენებდნენ.

ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ. პროკურატურამ კი, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

11 პირიდან ბრალს არ აღიარებს 10 მათგანი, მხოლოდ ერთი - ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, მას მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან. პროკურორის განმარტებით, მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა ნაწილობრივ აღიარებაში.

დუმილის უფლება გამოიყენეს საბა ჩხარტიშვილმა და საბა გოგშელიძემ. მათაც მცხეთის აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან.

პროკურატურამ, სრულფასოვანი გამოძიების საბაბით, 31 ივლისს დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის ერთი თვით გაგრძელება მოითხოვა, რის შედეგადაც დღის წესრიგში დადგა სრულწლოვანი ბრალდებულებისათვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი.

ამჟამად, 11 სრულწლოვან ბრალდებულს, ირაკლი მუმლაძეს, თენგიზ ბარბაქაძეს, საბა გოგშელიძეს, გიგა ტატიაშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა ჟვანიას, საბა ჩხარტიშვილს, ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ირაკლი წაქაძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. საქმე მიმდინარეობს კიდევ ერთი, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით, თუმცა, ამ დრომდე, ეს მუხლი არცერთ ბრალდებულს არ აქვს წარდგენილი.

რაც შეეხება ექვს არასრულწლოვან ბრალდებულს, იმის გათვალისწინებით, რომ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, სასამართლოში არსებითი განხილვისთვის 31 ივლისს წარიმართება.

თუმცა, ბრალდების განცხადებით, ეს გარემოება არ გამორიცხავს, შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი ბრალდებულებისათვის ახალი ბრალდების, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლის წარდგენას.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია ბრალდებული. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და კადრების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, ერთი ახალგაზრდა „კამრის“ მგზავრებმა თბილისში წამოიყვანეს, გიორგის კვალი კი ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილის ოჯახი მოითხოვს, რომ გამოძიებამ 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენოს „ტოიოტა კამრის“ იმ ექვს მგზავრს, რომლებიც გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს მცხეთის მაგისტრალზე დაესხნენ თავს. „კამრიში“ სრულწლოვან ბრალდებულებთან ერთად, ორი არასრულწლოვანი ბრალდებულიც იჯდა. ამ ბრალის წაყენებისა და შემდეგ დამტკიცების შემთხვევაში, მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიებას 109-ე მუხლი მას შემდეგ დაემატა, რაც 10 ივლისს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სიკვდილამდე ახლო პერიოდში, სახესა და სხეულზე 12-მდე დაზიანება აქვს მიყენებული ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. მისი სიკვდილი კი წყალში დახრჩობამ, ასფიქსიამ გამოიწვია. ოჯახი დარწმუნებულია, რომ „კამრის“ მგზავრები მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში დაახრჩვეს.

ამჟამად გამოძიება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მეორე დასკვნას ელოდება.

ამ ექსპერტიზის გარდა, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე, არაერთი სხვა ტიპის ექსპერტიზა მიმდინარეობს, მათ შორის, ტრანსოლოგიური ექსპერტიზა, რაც გულისხმობს, მაგალითად, ტანსაცმელზე მექანიკური დაზიანებათა კვალის დადგენას, კვალის წარმომშობი ობიექტის განსაზღვრას, სხეულსა და ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებათა შესაბამისობის განსაზღვრას. მიმდინარეობს, ასევე, ბიოლოგიური ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური კვლევა, ნიადაგის კვლევა და ა.შ.

22-ტომიან საქმეში, ამჟამად არ დევს მყარი მტკიცებულებები, რაც გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას დაადასტურებს. გამოძიებას ერთი თვე აქვს იმისათვის, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბრალდებულთა ნაწილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG