Accessibility links

უფლებადამცველები ბელარუსის ხელისუფლებას არჩევნების წინ „შიშისა და დაშინების“ ატმოსფეროს შექმნაში ადანაშაულებენ


ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტმა და ადამიანის უფლებადამცველმა ცენტრმა „ვიასნამ“, დაადანაშაულეს ბელარუსის ხელისუფლება, რომელიც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში „შიშისა და დაშინების“ ატმოსფეროს ქმნის.

ორგანიზაციები, რომლებიც გაერთიანებული არიან კამპანიაში, „უფლებადამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის“, 27 ივლისის განცხადებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ მასობრივი რეპრესიებისა და 25 პირის პოლიტიკურად მოტივირებული დევნისათვის.

მთლიანობაში, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური კანდიდატების რეგისტრაციის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობისათვის, ბელარუსში დააკავეს 1 140-ადამიანი, მათგან 190-ს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო 333-ს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

უფლებადამცველები ხაზს უსვამენ ბელარუსის უზენაესი სასამართლოს მიკერძოებულ გადაწყვეტილებასაც.

კერძოდ, სასამართლომ უარი თქვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის, ვალერი ცეპკალოს საჩივრის განხილვაზე.

კომისიამ უარი უთხრა ცეპკალოს და ვიქტარ ბაბარიკას რეგისტრაციაში გატარებაზე.

„ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი ვიქტარ ბაბარიკა და მისი ვაჟი დაპატიმრებული არიან.

ვიქტარ ბაბარიკას ბრალად ედება ფულის გათეთრება, ქრთამის აღება და გადასახადების არგადახდა.

ხოლო ვალერი ცეპკალომ, მოსალოდნელი დაპატიმრების შიშით, გასულ კვირაში ბელარუსი დატოვა და შვილებთან ერთად რუსეთს შეაფარა თავი.

ბელარუსის უფლებადამცველების განგაშის ფონია ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკასა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ანდრეი რაუკოუს განცხადება, რომ ბელარუსის არმია და სხვა ძალოვანი სტრუქტურები ემზადებიან იმისათვის, რომ აღკვეთონ არეულობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG