Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მიესალმება ცეცხლის დროებით შეწყვეტას ავღანეთში


ზალმაი ხალილზადი
ზალმაი ხალილზადი

აშშ მიესალმება სამდღიან ცეცხლის შეწყვეტას ავღანეთში, რომლის თაობაზეც შეთანხმებას მიაღწიეს დაჯგუფება თალიბანმა და ავღანეთის ხელისუფლებამ.

იმედოვნებენ, რომ მოკლევადიანი ზავის შემდეგ, მომავალ კვირაში, განახლდება არაერთგზის გადადებული შიდაავღანური სამშვიდობო მოლაპარაკება.

სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა ავღანეთში ძალაში შევა 31 ივლისიდან, მუსლიმანთა წმინდა დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის (იდ ალ-აჰდი) დაწყებასთან დაკავშირებით.

ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების ფონია ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარგზავნილის, ზალმაი ხალილზადის, მცდელობა, რომ ავღანეთში, პაკისტანსა და ყატარში (სადაც თალიბების ოფისი მდებარეობს) ვიზიტების შედეგად, ბიძგი მისცეს შიდაავღანურ ფართო დიალოგს, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ავღანეთში 19 წლის განმავლობაში მიმდინარე ომს.

„მივესალმებით თალიბანის მიერ ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას და მასზე ავღანეთის მთავრობის საპასუხო განცხადებას. ვიმედოვნებთ, რომ ყურბან-ბაირამი გააერთიანებს ყველა ავღანელს, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება ერთი ნაბიჯით მიაახლოებს მათ მტკიცე მშვიდობასთან“, - დაწერა ტვიტერში ხალილზადმა, რომელიც ქაბულში მართავს შეხვედრებს.

ამჟამად ავღანეთში კვლავაც გაურკვეველია მშვიდობის ბედი, ვინაიდან ქაბულსა და თალიბებს შორის უთანხმოებაა ტყვეთა გათავისუფლების საკითხში, ძალადობა კი კვლავ ძლიერდება.

ივლისის ბოლოს აშშ-მა თავისი სპეციალური წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი საგანგებო მისიით გაგზავნა ხუთ ქვეყანაში, რაც სამშვიდობო პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ხალილზადი ტურნეს მართავს დოჰაში, ისლამაბადში, ქაბულში, ოსლოსა და სოფიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG