Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები ითხოვენ, მიეცეთ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში შესვლის უფლება


არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, შეწყდეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დაშვების შეზღუდვა. 4 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, შეიცვალოს ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო გადაადგილების რეჟიმი.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თითქმის ერთი წელია, კერძოდ, 2019 წლის 30 აგვისტოდან, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში აკრძალულია სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა გადაადგილება და მუშაობა. დაშვებასთან დაკავშირებული შეზღუდვები კი ვრცელდება უშუალოდ იმ სოფლებზეც, რომლებსაც სახელმწიფო სრულად აკონტროლებს:

„მაგალითად, სოფელ გუგუთიანკარამდე და ზარდიანთკარამდე, სადაც განთავსებულია საოკუპაციო ბარიერები და მავთულხლართები, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელ კარბში და მერეთში მისვლაც შეუძლებელია, რადგან სოფელ კარბამდე არის განთავსებული ქართული საგუშაგო. იგივე მდგომარეობაა სოფელ დიცთან, ასევე ხურვალეთში. სოფელ ხურვალეთამდე არის ხურვალეთის დევნილთა დასახლება, სადაც მიახლოება ასევე შეზღუდულია სამოქალაქო საზოგადოების და მედიისთვის, რადგან ქართული საგუშაგო 4-5 კმ-ით დაშორებით არის განთავსებული“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომლის თანახმად 2019 წლის 30 აგვისტოს შემდეგ ჟურნალისტები პოლიციის თანხლებით მოვლენების გასაშუქებლად მავთულხლართებამდე მხოლოდ 2 შემთხვევაში 20 მეტრის დაშორებით მიუშვეს, ერთხელ გუგუთიანთკარში, მეორედ კი - სოფელ ატოცში.

„ხელისუფლების წარმომადგენლები გადაადგილების შეზღუდვებს უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე ამართლებენ, რათა თავიდან იყოს აცილებული საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციები და დაცული იყოს მედიის და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოება. თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წუხილებზე მითითება, მაშინ როდესაც ამ სოფლებში ასობით ადამიანი ცხოვრობს, გაუგებარია.

უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება არსებობდეს გადაადგილების ან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი. თუმცა, ამ უფლებების შეზღუდვა მკაცრ შემოწმებას ექვემდებარება და ის მხოლოდ მწვავე სოციალური საჭიროებების დროს, კანონის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. დაუშვებელია ამ უფლების ბლანკეტური და ზოგადი შეზღუდვა, ინდივიდუალური რისკებისა და დასაბუთების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში კი ბუნდოვანია როგორც დაწესებული შეზღუდვის კანონიერების, ისე პროპორციულობის საკითხი“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა თანახმადაც ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში დაშვების ბლანკეტური შეზღუდვები წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლით დადგენილ სტანდარტებთან.

4 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააუქმოს საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე სოფლებში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების დაშვების ბლანკეტური აკრძალვა და შეიმუშაოს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მიდგომები, რომელიც არ გასცდება გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ ჩარჩოებს.

განცხადებას ხელს აწერენ: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“.

რადიო თავისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საკითხზე კომენტარისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კონკრეტული პირის გადაადგილების თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, გადაწყვეტილება კი მიიღება უსაფრთხოების გარემოს შესაბამისად.

XS
SM
MD
LG