Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ერგნეთში მოითხოვს ცხინვალიდან უკანონო პატიმართა გათავისუფლებას


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში დღეს გაიმართება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 96-ე შეხვედრა. უმთავრესი საკითხი იქნება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული მოქალაქეების, ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილის და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლება.

სამივე მათგანი თავდაპირველად ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, დაკავებულებს ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ, თუმცა, გახელაძის, მღებრიშვილის და ბესტაევის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნაც დაიწყეს.

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ივლისში დაკავებული, სოფელ ზემო ჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე და მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს ბრალად სდებს სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმას და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას. დაკავებისას გახელაძე ფეხში დაჭრეს.

ხვიჩა მღებრიშვილს „საზღვრის“ დარღვევის გარდა ადანაშაულებენ წითელ წიგნში შეტანილი სახეობების კონტრაბანდაში. დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მღებრიშვილი „ლუგარის ლაბორატორიისთვის“ ღამურების ჭუპრების შეგროვებას აპირებდა.

სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2019 წლის ნოემბერში დააკავეს, ბრალად დასდეს ნარკოტიკების კონტრაბანდაც და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბესტაევი ცხინვალის ციხეში იმყოფება.

ერგნეთის შეხვედრა 11 თვეა აღარ გამართულა. ბოლო, 2019 წლის 29 აგვისტოს შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმის გამო ჩაიშალა. ოსური მხარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გახსნილი ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. სექტემბერში რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. ამას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით განიხილება პრობლემური საკითხები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონოდ დაკავება, ე.წ. ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები გლეხების მიერ მიწის უსაფრთხოდ დამუშავების უზრუნველყოფა, სარწყავი წყლით სოფლების მომარაგება და ა.შ.

ერგნეთის შეხვედრის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG