Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

პარტია „სამართლიანობის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქში იყრის. აღნიშნულის შესახებ მან მცხეთაში საკუთარი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.

„მე მაკავშირებს რამდენიმე ათეული წელი მცხეთასთან, ჯვრის მონასტერთან. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული ადგილი და დღეს ვიწყებ საარჩევნო კამპანიას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ეს იქნება პროცესი, რომელიც მოიტანს სიკეთეს, სიმშვიდეს და სამართლიანობას ყველასთვის:

„მთავარი იდეა, რითიც ყველანი ერთად ჩვენ დღეს ვართ შეკრებილები და რისთვისაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანია გულშემატკივრობს ამ პროცესს, არის სამართლიანობა. ეს არის თვითკმარი თვითღირებულება, ეს არის უდიდესი იდეა, რომლისთვისაც ალბათ ყველაფერი ღირს. და სამართლიანობა ყველაფრისთვის და ყველაფერში ეს არის იდეა, რომლითაც გვინდა რომ ჩვენ გავაერთიანოთ ძალიან ბევრი ადამიანი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ მმართველი პარტია გასული წლის 22 თებერვალს დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა. მისი ეს გადაწყვეტილება მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნას უკავშირდებოდა. კანონპროექტი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას ეხებოდა. მანამდე მას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები არაერთხელ გაუსაჯაროვეს. დეპუტატი ამბობდა, რომ ამით მისი გაჩუმება სურდათ.

ეკა ბესელია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც "ქართული ოცნება" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დააფუძნა. პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, მიმდინარე მოწვევის პარლამენტში კი უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მასსა და "ქართული ოცნების" სხვა წევრებს შორის დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის შესახებ დაიწყო. სწორედ ამ მოტივით დატოვა მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაც. თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მას მოსამართლეთა სიის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვდა.

ეკა ბესელიამ პარტია "სამართლიანობისთვის" 2019 წლის მაისში დააფუძნა. 2020 წლის არჩევნებში პარტია დამოუკიდებელად აპირებს მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG