Accessibility links

თურნავა "ფრონტერაზე": კიდევ ერთხელ ჩავარდებიან უხერხულ მდგომარეობაში


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ "ფრონტერა" ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველოს და მისი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ს ურთიერთობას. მინისტრის ეს კომენტარი დროში დამეთხვა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გასაჯაროებულ კონგრესმენების წერილს, რომელიც მათ სახელმწიფო მდივანს მისწერეს.

"ყველა მცდელობა მიაყენოს ოდნავ მაინც ჩრდილი ჩვენსა და ჩვენს პარტნიორს ურთიერთობებს, არის უსუსური და არაფრის მომცველი და კიდევ ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, კონგრესმენი, გამომდინარე იქედან, რომ არასწორი ინფორმაცია იქნება მიწოდებული ფრონტერასა და მათი ლობისტების მხრიდან", - განაცხადა თურნავამ.

გუშინ, 29 ივლისს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა კონკრესმენების მიერ მაიკ პომპეოსთვის მიწერილი წერილის შინაარსი გაასაჯაროვა. წერილში ეწერა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ რეგრესი განიცადა და აღნიშნული იყო, რომ ამჟამინდელი მთავრობა ამერიკელი ბიზნესმენების ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს.

საქართველოს მთავრობამ „ფრონტერასთან“ კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის აპრილში განაცხადა და საფუძვლად დაასახელა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ამის გამო „ფრონტერას“ ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი მოიხსენიებდა საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების მაგალითად.

„ფრონტერამ“ მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, შეწყვიტონ გამიზნული სიცრუის, ზიანის მიყენების და თვალთმაქცობის პრაქტიკა და ამის ნაცვლად დაიწყონ კომპანიასთან პატიოსნად ურთიერთობა და ამ გზით შეუწყონ ხელი ნამდვილი პარტნიორობის სულისკვეთებას.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 23 ივლისის განცხადებით, საარბიტრაჟო დავის მოგების მიუხედავად, მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მოშალოს კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

მთავრობის გადაწყვეტილება ახსნილი იყო იმით, რომ ​საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია და უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG