Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა პარლამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველის სარჩელი, რომელიც ეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს.

სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს შერჩევის სამართლიან პროცედურებებს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატები შეირჩევა ფარული კენჭისყრით და გადაწყვეტილება არ საბუთდება, რაც შესაძლებელეს ხდის საბჭოს წევრთა მიერ ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს. ამგვარი პროცედურა კი ართულებს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მიკერძოების შემთხვევების გამოვლენის შესაძლებლობას, რაც არღვევს მოსამართლეობის კანდიდატთა საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას.

სახალხო დამცველი განმარტავდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევა წარმოდგენს არა კონკურსს, არამედ პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რაც გამორიცხავს მასზე საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლების ფარგლების გავრცელებას. ამასთან, კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს არა საუკეთესო, არამედ იმ კანდიდატის შერჩევა, რომელიც აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს.

თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა:

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების არსებული კონსტიტუციური მოდელი, მისი შემადგენლობა, გადაწყვეტილების მიღების წესი, მიუთითებს, რომ ამ ორგანოს, მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, შესწევს უნარი, კანდიდატთა შერჩევის პროცესში იხელმძღვანელოს მარტოოდენ კონსტიტუციის მოთხოვნებით. ამასთან, აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა უმაღლეს ლეგიტიმაციას სძენს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებულ პირებს".

"საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის რამდენიმე ეტაპის არსებობა და ყველა ეტაპზე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის გამოკვლევისა და ინდივიდუალურად შეფასების შესაძლებლობა, საბოლოოდ, განაპირობებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატთა წარდგენის შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიური ორგანოა, მისი გადაწყვეტილება არ საბუთდება".

"კენჭისყრის ფარულობა, ძირითადად, ემსახურება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიმღები პირის დაცულობას. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რატომ უზრუნველყოფს კენჭისყრის ღიაობა პროცესის უფრო მეტად კონსტიტუციურ ფარგლებში წარმართვას, ვიდრე ფარულობა".

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში დაერთვება მოსამართლეების: ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის, თეიმურაზ ტუღუშისა და თამაზ ცაბუტაშვილი განსხვავებული აზრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG