Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა 50 მილიონ ლარამდე დასჭირდეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია 50 მილიონ ლარამდე თანხა დასჭირდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენა 30 მილიონ ლარს საჭიროებს:

„სამი სექტორია, სადაც 250-მეტრიანი დაახლოებით 4 ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი. ჩვენი პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენა დამატებით 30 მილიონ ლარს საჭიროებს. საერთო ჯამში, აი, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შეიძლება 50 მილიონ ლარამდე დასჭირდეს",- აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, 12 სოფლიდან 4-თან დროებითი კავშირი უკვე აღდგა, 2 სოფელთან ორშაბათისთვის აღდგება, რამდენიმე სოფელთან კავშირის აღდგენას კი შესაძლოა ერთი თვე დასჭირდეს:

„ღები, პატარა ღები, გოლოვო და შოვი-ეს ის სოფლებია, სადაც სამწუხაროდ დაახლოებით ერთი თვე მოგვიწევს ჩვენ გზის მუშაობა რომ აქ ნელ-ნელა მივიდეთ, თუმცა გვპირდებიან, რომ ელექტროენერგიას აღვადგენთ, ამინდის კარგი პირობების შემთხვევაში, დაახლოებით 1 კვირაში, 10 დღეში. მაგრამ ყველა ამ სოფელში იქნება ყოველდღიური კავშირი ვერტმფრენებით. გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, შესაყვან ადამიანებს შევიყვანთ და მოხდება სოფლების მომარაგება. არანაირი პრობლემა. ამაზე თავით აგებს პასუხისმგებლობას გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მან არ გამორიიცხა, რომ რისკის ზონიდან რამდენიმე ოჯახის გასახლებაც კი გახდეს საჭირო:

"როგორც კი გზა გაიხსნება, შესაბამისი სამსახურები გეოლოგები ამოვლენ ყველა ამ სოფელში შეისწავლიან როგორც ნიადაგებს, ასე ღვარცოფულ ქანებს და იქნება ის გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც აუცილებელი იქნება, რომ არც ერთი ჩვენი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ ონის მუნიციპალიტეტში, სადაც იგი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

28 ივნისის ღამიდან, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა ონის მუნიციპალიტეტში დაანგრია ცენტრალური საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი და 10-ზე მეტი ხიდი და დააზიანა ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების სისტემები. გარე სამყაროს მოწყდა 12 სოფელი და ასეულობით ადამიანი, მათ შორის ზემო რაჭაში მყოფი დამსვენებლები.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის შექმნილი სპეციალური შტაბის ინფორმაციით, ზარალის დათვლასთან ერთად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენა. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გამოიყვანეს 100-ზე მეტი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG