Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თუკი ვიტყვით, რომ მტკიცებულებები არ არის, მაშ, გავუშვათ სახლში ბრალდებულები"


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე თითქმის თვე-ნახევრის თავზე სამ ნაწილად დაიყო - გამოძიება სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართულებით, გამოძიება არასრულწლოვანი ბრალდებულების მიმართულებით და გამოძიება 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით. საქმის გაყოფის გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურატურამ შაქარაშვილის სიკვდილიდან 40 დღის თავზე მიიღო.

22 ტომი, რომელიც ამ თვე-ნახევრის განმავლობაში, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დაიწერა და რომლის დეტალებიც აქტიურად შუქდებოდა მედიაში, ნელ-ნელა მეორე პლანზე გადადის. ახლა მთავარი ყურადღება სწორედ განზრახ მკვლელობის ეპიზოდისკენ ინაცვლებს. თუმცა, იმის გამო, რომ ჯერჯერობით, 109-ე მუხლი შაქარაშვილის საქმის არცერთ ბრალდებულს არ აქვს წარდგენილი, ამ მუხლით მიმდინარე გამოძიების მასალები მიუწვდომელია როგორც ბრალდებულთა ადვოკატებისთვის, ისე მედიისთვის.

იცნობს თუ არა განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარე გამოძიების მასალებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე, ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას ის ირიბად პასუხობს:

„ამ მუხლით მიმდინარე საქმის შინაარსზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. თავიდანვე მიმაჩნდა, რომ ეს მუხლი ცალკე უნდა გამოყოფილიყო, რათა ამ მუხლით მიმდინარე გამოძიებას, საზოგადოებრივი განხილვების, საჯარო ტრიბუნალებისა და სხვა უბედურებებისთვის აევლო გვერდი. ახლა, სანამ ეს კონკრეტული მუხლი ბრალდებულებს არ წარედგინებათ, საქმის მასალები ვეღარ იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამიტომ შეგიძლიათ ცოტა დაისვენოთ“.

გიორგის დევნის ბოლო ვერსია - მთავარი ბრალდებულები „ტოიოტას“ მგზავრები


დევს თუ არა 109-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებაში განზრახ მკვლელობის მყარი, მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოძიებას მისცემს საშუალებას, რომ, ძალიან მალე, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებს, უფრო კონკრეტულად კი „ტოიოტა კამრის“ ექვს მგზავრს, ბრალი დაუმძიმოს? - მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, გიორგის განზრახ მკვლელობის ვერსიას, საქმის ორი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილისა და ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებები ამყარებს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ამ ორი მოწმის ჩვენებები ერთმანეთს ავსებს და წარმოშობს დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ვერსიას, თუ როგორ მოკლეს გიორგი.

მიუხედავად იმისა, რომ არც ამირხანაშვილისა და არც ახვლედიანის ჩვენებებში არაფერია ნათქვამი არაგვის ხიდის ქვევით, ციცაბო ბილიკზე, მდინარე არაგვის მიმართულებით გაქცეული გიორგის შესახებ, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ გიორგიმ სწორედ ეს ციცაბო ჩაირბინა და სწორედ მდინარის პირას გაუსწორდნენ მას მდევრები. ამ ვერსიის თანახმად, რომელსაც დღეს მირიან ნიკოლაძე და გამოძიება ყველაზე რეალურ ვერსიად განიხილავენ, არაგვის ხიდის ქვეშ, მოასფალტებულ გზაზე გაქცეულ გიორგის, უკან სამი მდევარი მისდევდა. წინიდან მას ორი ან სამი მდევარი დახვდა და სწორედ ამიტომ მიიღო ციცაბო ბილიკზე გადასვლის გადაწყვეტილება:

„რა ხდება ამ ფერდობს, უფრო ზუსტად კი რკინის მოაჯირის მიღმა, ჩვენ ამის არც დამნახავი გვყავს, არც ვიდეოკამერის ჩანაწერი გვაქვს და არც სხვა რამ. თუკი ამ ლოგიკით მივუდგებით საქმეს, რომ მტკიცებულებები არ არის, მაშინ გავუშვათ სახლში ბრალდებულები და დავამთავროთ. დადასტურებულია, რომ გიორგი მოკლეს, რადგან ახვლედიანის და ამირხანაშვილის ჩვენებები ერთმანეთს ავსებს. ეს არის ბოლო ორი ადამიანი, ვინც ხედავს გიორგის ტრაექტორიას. საზოგადოების განწყობები და მოლოდინები ყოველთვის უკავშირდება დანაშაულის ცალსახა, უპირობო, ისეთ დადასტურებას, როგორიც, მაგალითად, შეიძლება იყოს ვიდეოკამერის ჩანაწერი, თვითმხილველები და ა.შ. ეს ასე არ არის. იყო დრო, როდესაც საერთოდ არ არსებობდა ვიდეოკამერები, ბრალს არავინ აღიარებდა, მაგრამ განზრახ მკვლელობებზე სამართლიანი განაჩენები დგებოდა. დიახ, რკინის მოაჯირზე გადამხტარი გიორგი არავის დაუნახავს, მაგრამ შემთხვევის ადგილი ბევრ რამეს თვითონ გიხსნის. ცალსახად დადგენილია, რომ „ტოიოტადან“ გადმოსული ექვსი პირიდან, სამი გიორგის და მის მეგობრებს გზაზე მისდევდა. ორი მდევარი საპირისპირო მხარეს ჩარბის. ჩასაფრების მიზნით ჩარბიან, სირბილით ვერ გაყვნენ და მოკლე გზაზე ჩასვლა არჩიეს, ამას რა მნიშვნელობა აქვს. როდესაც ბავშვი ხიდის ქვეშ, მოასფალტებულ, მეტ-ნაკლებად განათებულ გზაზე ჩამორბის, რატომ უნდა მიეღო ფერდობზე ჩასვლის გადაწყვეტილება? გიორგის სპორტულ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ და იმ პირებს, ვინც მას მისდევდა, არ არსებობს, რომ ისინი უკნიდან დასწეოდნენ. მას რომ წინ არ დახვედროდნენ, ის გზას არ გადაუხვევდა. ის ბილიკი კი, რომელიც გიორგიმ აირჩია, ერთადერთი ბილიკია, საიდანაც შეიძლებოდა ქვევით დაშვებულიყო“.

რატომ არ განიხილავს მირიან ნიკოლაძე, საქმეში არსებული კიდევ ერთი მთავარი ავტომობილის, „მერსედესის“ მგზავრების მონაწილეობას გიორგის დევნაში? სწორედ „მერსედესის“ მგზავრები დაესხნენ თავს მცხეთის მაგისტრალზე მიმავალ გიორგისა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას და ერთ-ერთ მათგანს სასტიკად სცემეს. სწორედ „მერსედესის“ წასვლიდან 5-6 წუთში მოდის მაგისტრალზე „ტოიოტა კამრი“.

მირიან ნიკოლაძე ამ კითხვას ასე პასუხობს: „ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ირიცხება სხვა დამნაშავე პირების რაიმე კონტაქტი გიორგის განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან. „მერსედესი“ ფიგურირებდეს იქ და ვინმეს დამნდობი ვარ? რა ლოგიკით?“

ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ამოღებული ქრონომეტრაჟის მიხედვით, „ტოიოტადან“ გადმოსულ მგზავრებს დაახლოებით 15-დან 21 წუთამდე ჰქონდათ დრო იმისათვის, რომ ახალგაზრდებს გასდევნებოდნენ, გიორგისთვის ედევნათ არაგვის ნაპირამდე, ეცემათ, წყალში ჩაეგდოთ, უკან ამოსულიყვნენ, ეპოვათ ამირხანაშვილი და მანქანაში ჩამსხდარიყვნენ. საკმარისი იყო თუ არა ეს დრო ყველა ამ მოქმედების შესასრულებლად? - მირიან ნიკოლაძე დარწმუნებულია, რომ ეს დრო ამ ყველაფრისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა:

„მე გეუბნებით, რომ ეს სავსებით საკმარისი დროა მკვლელობის ჩასადენად. მე არაერთი ექსპერიმენტი ჩავატარე იმ ტერიტორიასა და იმ პირობებში, რაც იმ ღამეს იქ იყო. ზუსტად ემთხვევა ეს დრო ყველა იმ მოქმედებისთვის საჭირო დროს, რაც მათ გაიარეს“.

მკვლელობის მოტივი - რატომ გაედევნენ გიორგის?


მირიან ნიკოლაძე ფიქრობს, რომ გიორგის მკვლელობის მოტივი სტანდარტული და ბანალურია. მისი თქმით, გამოძიებამ თითქმის გამორიცხა მეგობარი გოგოს გამო ჩადენილი მკვლელობის მოტივი. მისი თქმით, ამ, ეტაპზე, არ იკვეთება სხვა კონკრეტული მოტივიც. მაშ, რატომ სდიეს გიორგის ბოლომდე?

„პრაქტიკიდან გამომდინარე, მკვლელობების დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ არაფრის გამო ხდება. არანაირი სერიოზული მოტივი არ უდევს მას საფუძვლად. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მდევრებისთვის სულერთი იყო, ვის გაუსწორდებოდნენ. ის ბიჭები, ვინც გიორგისთან ერთად იყვნენ, შემთხვევით გადარჩენილები მგონია. ამირხანაშვილის თბილისამდე მშვიდობიანი გზით ჩამოყვანაც აბსოლუტურად ჯდება დანაშაულის ლოგიკაში. როდესაც გიორგის გაუსწორდნენ, ეს ადამიანები ამოდიან ქვევიდან და პოულობენ ამირხანაშვილს. მათ იციან, რომ უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ხელოვნურ ალიბს ქმნიან, აგერ კაცი უშფოთველად წამოვიყვანეთ თბილისში, ხმაც კი არ გაგვიციაო. მე მგონია, რომ გიორგი რომ არ მოეკლათ და გაქცევა მოეხერხებინა, როცა ამირხანაშვილს იპოვიდნენ, მას გაუსწორდებოდნენ ისე, როგორც გიორგის გაუსწორდნენ. რაც შეეხება გიორგის, მე ვფიქრობ, რომ ცემის დროს, მათ იფიქრეს, რომ ის შემოაკვდათ და კვალის მოცილების მიზნით, წყალში გადააგდეს. ამ ყველაფერს რომ ვაანალიზებთ, მივდივარ დასკვნამდე, რომ ეს არის დანაშაული, რომლის მსგავსიც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრჯერ მომხდარა და რომელიც, ასევე სამწუხაროდ, ალბათ კიდევ ბევრჯერ მოხდება. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ხვალ ამ საქმეში სხვა სიახლე გამოჩნდეს და შეიცვალოს რეალობა. სულ ვამბობ, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, არ შეიძლება საქმესა და დეტალებზე ილაპარაკო კატეგორიულობით. ის ვერსია, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მტკიცებულებებით გამოთქმული ვერსიაა“.

ციცაბო ბილიკი - ერთ-ერთი მთავარი კითხვის ნიშანი


საქმის მასალებით ირკვევა, რომ ციცაბო ბილიკზე ჩარბენილი გიორგი არავის დაუნახავს. ვახტანგ ახვლედიანის ჩვენების თანახმად, მან გიორგის ბოლოს მაშინ მოკრა თვალი, როდესაც იგი მის წინ, მოასფალტებულ გზაზე გარბოდა, თავად კი იქვე, ბუჩქებში დამალვა მოასწრო.

გამოძიებისა და შაქარაშვილის ბიძის მთავარ ვერსიას, რომ გიორგიმ სწორედ ეს ბილიკი ჩაირბინა, არაერთი ოპონენტი ჰყავს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ გიორგი ციცაბო ბილიკს, მაღალი სიჩქარით, დაზიანებების გარეშე ვერ ჩაირბენდა. თუმცა, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს ბილიკზე ჩარბენის კვალი, მაგალითად, ნაკაწრები, სხვა სისხლნაჟღენთები, რომელიც შეიძლებოდა ბილიკზე ჩარბენისას მიეღო, არ აღენიშნებოდა.

მირიან ნიკოლაძე ირწმუნება, რომ ბილიკზე ჩარბენა ყოველგვარი დაზიანებების გარეშე შესაძლებელია. არგუმენტად კი ის ვიდეოექსპერიმენტი მოჰყავს, რომელიც მან ფეხბურთელის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ჩაატარა:

„არ დაიჯეროთ ზღაპრები, რომ იმ ფერდობზე ჩარბენა, დღისითაც კი წარმოუდგენელია, არათუ ღამით. მე და გიორგის მეორე ბიძამ, ეს ბილიკი გიორგის გარდაცვალებიდან მალევე ჩავირბინეთ. ჩვენც ხომ გვაინტერესებდა, რეალურად, რა მოხდა. მე, 44 წლის კაცმა, და გიორგის ბიძამ, რომელიც ტელეფონით მომდევდა უკან და იღებდა ამ რბოლას, ეს ბილიკი უპრობლემოდ ჩავირბინეთ. სულ სამი წუთი დაგვჭირდა. კაცმა შეძლო, რომ ცალი ხელით მობილური სჭეროდა და თან უკან გამომდევნებოდა. არაგვის პირზე რომ ჩავედით, ერთი ნაკაწრიც კი არ გვქონდა, რომელ დაცემაზეა ლაპარაკი. ჩვენ ზუსტად აღვადგინეთ ის სიტუაცია, რაც მოწმეთა გამოკითხვაში ეწერა. იქ მითითებული იყო, რომ ტელეფონის ფანრების შუქს ვხედავდითო, როგორ ანათებდნენ მდევრებიო. ზუსტად იგივე ვითარება აღვადგინეთ, როგორ ანათებენ მდევრები მობილურის ფანარს და როგორ გარბის გიორგი სიბნელეში. მე რომ გავრბოდი, ჩემს წინ სრული სიბნელე იყო. ვიდეოში ჩანს, რომ მობილურის შუქი მე მხოლოდ ზურგს მინათებდა. მე იქ ბნელში გავრბივარ“.

„ქრონიკა+“-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ, მირიან ნიკოლაძეს, 29 ივლისს, სატელევიზიო ეთერით, გამოწვევა გაუგზავნა - ტელევიზიების კამერების თანდასწრებით, დღისით ჩაერბინა იგივე დაღმართი. ამ გამოწვევას, მირიან ნიკოლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ასე პასუხობს:

„თუკი გიორგის თემა ამით მოიხსნება ტელეკომპანია „მთავარიდან“, კი, ბატონო, ჩავირბენ იმ ბილიკს თავიდან. მაგრამ იცით, რა, თუ უნდათ, ნურც მოხსნიან, რაც უნდათ, ის ქნან, გაერთონ. ის, რომ მე ახლა ვიღაცების დაკვეთით, ფერდობებზე ვირბინო, დიდი ბოდიში, მაგრამ ამას ვერ ვიზამ. ის ექსპერიმენტი ჩვენ გავაკეთეთ გიორგის დედისთვის, მამისთვის, ჩემთვის, რომ რეალურად გვენახა, გვცოდნოდა, მართლა შეიძლებოდა თუ არა იმ ბილიკზე უმტკივნეულოდ ჩარბენა და ჩვენ ამაში დავრწმუნდით, რომ ეს შესაძლებელი იყო“.

მირიან ნიკოლაძე სრულად გამორიცხავს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გიორგის, შესაძლოა, არაგვის ხიდთან მდებარე ფერად ფარდულთან გაუსწორდნენ. ან შესაძლოა, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფერად ფარდულში ჰყავდათ გადამალული. მირიან ნიკოლაძეს განსაკუთრებულ ეჭვებს არც ფერადი ფარდულის გადამწვარი ტერიტორია უჩენს:

„ეს ხანძარი შემთხვევითობა იყო მართლა თუ მიზანმიმართულად დაწვა ვინმემ, მე არ ვიცი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ტერიტორიის გადაწვით, საქმეს არაფერი დაშავებია. გიორგი ამ ტერიტორიაზე ნამყოფი არ არის. ეს საკითხი ყურადღებით გამოვიკვლიეთ, ექსპერიმენტები ვატარეთ, სპეციალისტები გამოვკითხეთ და საბოლოოდ, ეს ვერსია გამოირიცხა. ჩვენ ამით ამირხანაშვილის კეთილსინდისიერებაც გადავამოწმეთ. ხომ შეიძლებოდა, გიორგი მის თვალწინ მოეკლათ და არ ამბობდა?“

რას მისცემს გამოძიებას ექსპერტიზების პასუხები?


გიორგი შაქარაშვილის ოჯახი და გამოძიება, ამ დრომდე ელოდება საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის პასუხებს. ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, გენეტიკური, დაქტილოსლოპიური, ნიადაგისა თუ სხვა ტიპის ექსპერტიზის პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ორი დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დასრულდა, საქმეში არსებული ყველაზე გახმაურებული და ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების, არაგვის ხიდის ბურჯზე ნაპოვნი, გიორგი შაქარაშვილის კუთვნილი შავი წელის ჩანთის ექსპერტიზა:

„გამოძიებას ამ დრომდე არანაირი შეტყობინება არ მისვლია, რომ ჩანთის ექსპერტიზის პასუხი მზად არის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პასუხები 31 აგვისტომდე ანუ წინასასამართლო სხდომამდე მზად იქნება. მინდა მქონდეს იმედი, რომ ექსპერტიზის პასუხებმა ჩვენ შეიძლება მოგვცეს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომ ამ ექსპერტიზის პასუხებმა ისეთი საინტერესო პასუხები შეიძლება მოგვაწოდოს, რაც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება“.

მთავარი მოწმეები - ენდობიან მათ?


ხომ არ განიცდიან საქმის მთავარი მოწმეები რაიმე ტიპის ზეწოლას? გჯერათ თუ არა, რომ ისინი გულწრფელნი არიან? როგორ ფიქრობთ, ხომ არ გაიგეს მათ გიორგის ყვირილი?

მირიამ ნიკოლაძე ამბობს, რომ დღეს, ისიც და გიორგის ოჯახიც, განზრახ მკვლელობის ეპიზოდზეა კონცენტრირებული:

„რაც შეეხება მოწმეების რაიმე ტიპის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს, არ ვიცი, ნახოს გამოძიებამ, გამოიკვლიოს და თუ ვინმე დასასჯელია, დასაჯონ. რამდენად გაიგებდნენ მოწმეები გიორგის ხმას, ამის თქმა ძნელია. შეიძლება მას ერთი დაარტყეს და ვეღარც დაძახება მოასწრო და მერე გაიმეტეს ბოლომდე. მსუბუქი კი ჰქვია ექსპერტულ დონეზე იმ დაზიანებებს, რაც გიორგის ცხედარს აღენიშნებოდა, მაგრამ რეალურად, ზურგის არეში ისეთი სისხლჩაქცევები აქვს, რომ არა ფეხის დარტყმები, ეს დაზიანებები ვერ იქნებოდა. თუ ესმოდათ მისი ხმა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას იტყოდნენ კიდეც“.

მირიან ნიკოლაძის თქმით, გამოძების პირველ ეტაპზე არსებული ხარვეზები, რომლებიც შესაძლოა, არაკვალიფიციურობის ან სიჩქარის შედეგი ყოფილიყო, დღევანდელი მდგომარეობით, სრულად აღმოფხვრილია.

18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 16 ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ერთი ბრალდებული კი, რომელიც აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.

31 ივლისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ექვსი არასრულწლოვანი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG