Accessibility links

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დასრულდა ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრა


ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის მამამ თქვა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საქმის გამოძიებას დაჰპირდნენ.

„როგორც სიტყვა მოგვცეს, ყველაფერს დეტალურად, თავის დროზე გაგვაცნობენ და სწრაფად გამოიძიებენ. დღეს ისეთს არაფერს გავეცანით. ყველაფერი აინტერესებდათ, ჩვენ რაც ვიცით, მოვუყევით, დანარჩენს დაველოდოთ გამოძიებას, როგორ იქნება“, - თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ მამუკა ჭელიძესთან შეხვედრას გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდა მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება 29 ივლისს გადაეცა ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტს. მანამდე ბაჩალიაშვილის საქმეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG