Accessibility links

ავღანეთში მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი


ასადულა ორაყზაი

ავღანეთის დაზვერვის უწყების 1 აგვისტოს ცნობით, სპეცდანიშნულების ძალებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოკლეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაზვერვის ერთ-ერთი ლიდერი.

ავღანეთის ეროვნული უშიშროების დირექტორიის თანახმად, მოკლული ასადულა ორაყზაი, ეჭვმიტანილია როგორც ავღანელ სამხედროებზე, ისე სამოქალაქო პირებზე განხორციელებულ არაერთ იერიშში.

ექსტრემისტი ლიდერის განადგურების ადგილად ავღანეთის სპეცსამსახური ასახელებს ქალაქ ჯალალაბადს. ოპერაციის ჩატარების დრო უცნობია.

გაეროს ბოლო ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“, როგორც ერთ-ერთ ყველაზე უფრო საშიშ ორგანიზაციაზე, რომელსაც კვლავინდებურად ძალუძს დიდი სისხლიანი თავდასხმების ორგანიზება და რომელმაც ხელი მიჰყო სხვა დაჯგუფებებიდან მებრძოლების გადაბირებას მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-მა და თალიბანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სარდლობით მოქმედმა ნატოსა და ავღანეთის სამხედრო ძალებმა, ბოლო ხანს, არაერთი ისლამისტური ჯგუფი გაანადგურეს ნანგარჰარის და კუნარის პროვინციებში, „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურ ფილიალს, რომელიც სირიისა და ერაყში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფების განშტოებას წარმოადგენს, ნატოს, აშშ-ისა და მათი პარტნიორების ერთ-ერთი „მთავარი საფრთხე“ უწოდა ივლისში აშშ-ის სამხედრო სარდლობამ.

სწორედ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა მარტის თვეში შიიტების სალოცავ სახლში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე უფრო სისხლიან თავდასხმაზე, რომლის დროსაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 25 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG