Accessibility links

სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდასაჭერად ბრესტში მრავალათასიანი მიტინგი იმართება


სვეტლანა ციხანოვსკაია, ბელარუსის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, 2 აგვისტოს ქალაქ ბრესტში მართავს მიტინგ-კონცერტს, რომელსაც პირდაპირ ეთერში უჩვენებს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური.

ჩვენი კოლეგების ცნობით, ბრესტში, ინტერნაციონალისტი ჯარისკაცების სახელობის პარკში, სცენის წინა მოედანზე უამრავი ადამიანია შეკრებილი.

ბევრმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მოედანზე მისვლა, სპეციალურად აღმართულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დიდი რიგების გამო.

თავად სვეტლანა ციხანოვსკაია და ასევე ოპოზიციის გაერთიანებული შტაბის სხვა ლიდერები, მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო, ბრესტში ჩავიდნენ ქალაქ ბარანოვიჩიდან, სადაც კვირას გამართეს წინასაარჩევნო შეხვედრა, რომელზეც 8000 კაცი შეიკრიბა სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდასაჭერად.

მანამდე გამართულ ყველა მიტინგზე, რომელზეც უამრავი ადამიანი მოითხოვს ცვლილებებს და ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმის დასრულებას, ექსცესები არ ყოფილა.

მიტინგზე გამოცხადდა, რომ ხვალ, 3 აგვისტოს, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აპირებს მიმართოს პარლამენტსა და ხალხს, რასაც მიტინგზე უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.

ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG