Accessibility links

ხაბაროვსკში გამართულ საპროტესტო აქციაში საჰაერო-სადესანტო ჯარების ვეტერანებიც მონაწილეობდნენ


ხაბაროვსკში 2 აგვისტოს კვლავ შეიკრიბნენ ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანებული ქალაქის მცხოვრებლები.

მშვიდობიან აქციაში, რომელიც ხაბაროვსკში უწყვეტად იმართება ყოფილი გუბერნატორის დაპატიმრების დღიდან, რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსეთის ელიტური, საჰაერო-სადესანტო ჯარების ვეტერანები.

რუსეთში 2 აგვისტოს ამ სახეობის ჯარების დღე აღინიშნება.

ხაბაროვსკელმა ვეტერანებმა აქციის დროს თხოვნით მიმართეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე სპეცრაზმების ვეტერანებს, რომ მხარი დაუჭირონ ხაბაროვსკის მცხოვრებთა მოთხოვნებს.

საპროტესტო აქციები ხაბაროვსკში 9 ივლისიდან დაიწყო და ბოლოს სხვა ქალაქებსაც მოედო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, დააკავეს და საგამოძიებო მოქმედებებისთვის მოსკოვში ჩაიყვანეს.

ფურგალი ბრალდებულია 2000-იან წლებში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებასთან კავშირში.

16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი ფურგალი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დროებით დანიშნა სახელმწიფო დუმის დეპუტატი მიხაილ დეგტიარიოვი, სერგეი ფურგალის თანაპარტიელი ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.

პოლიციამ 1 აგვისტოს დააკავა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ხაბაროვსკის მცხოვრებთა სოლიდარობის მიზნით გამართული აქციების დაახლოებით 70 მონაწილე.

შაბათს, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქების გარდა, მცირერიცხოვანი აქციები გაიმართა ასევე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG