Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებმაც ონლაინტოტალიზატორის გამოყენებით 2 მლნ ლარის ნარკოტიკი გაყიდეს


ონლაინტოტალიზატორის გამოყენებით 2 მილიონამდე ლარის ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 წევრი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ბრალდებული დაინტერესებულ პირებს ტელეფონით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სთავაზობდა ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდა ონლაინტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდა, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდა იმ ადგილების მისამართებს, სადაც ჯგუფის კიდევ ერთი წევრის მიერ უკვე "დადებული" იყო ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიების მტკიცებით, 2020 წელს, ნარკოტიკების გაყიდვით გამომუშავებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

"პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG