Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის უძალაუფლებო პარლამენტი არჩევნების წინ საგანგებო სესიას მართავს ლუკაშენკას სურვილით


ბელარუსის პარლამენტი 3 აგვისტოს იწყებს საგანგებო სესიას, რომელიც ბელარუსის ავტორიტარმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ მოიწვია 9 აგვისტოს არჩევნების წინ. ლუკაშენკას წარმომადგენელმა, ნატალია ეისმანტმა განაცხადა 2 აგვისტოს, რომ პრეზიდენტი პარლამენტს და ერს მიმართავს 4 აგვისტოს.

გასულ კვირაში პოლიტიკური ოპონენტების მიერ მისი ხანგრძლივი მმართველობისთვის შექმნილი მზარდი გამოწვევის ფონზე, ლუკაშენკამ მოიწვია პარლამენტის საგანგებო სესია 2 აგვისტოსთვის. ლუკაშენკას თქმით, მან აპრილისთვის დაგეგმილი მიმართვა პარლამენტისა და ერისადმი გადადო პანდემიის გამო.

ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ 28 ივლისს განაცხადა, რომ მან მიმართა პარლამენტის ორივე პალატას, ასევე სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციას, თხოვნით, მისცენ საშუალება, პარლამენტს და ერს მიმართოს იმავე დღეს, როცა ლუკაშენკაც გააკეთებს ამას.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ციხანოვსკაიას, რომელმაც ათიათასობით მომხრე მოაგროვა ქვეყნის მასშტაბით ბოლო კვირებში, ასეთი მიმართვის ნებას დართავენ.

ბელარუსის პარლამენტს პრაქტიკულად მცირე ძალაუფლება აქვს. ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ცენტრია პრეზიდენტი, რომელსაც ხელში უჭირავს სამთავრობო ყველა სადავე. ლუკაშენკა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მართავს 1994 წლიდან.

9 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხევაში ლუკაშენკა მეექვსე ვადით გახდება პრეზიდენტი. ბოლო კვირებში სულ უფრო იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რიცხვი. ოპოზიციის დემონსტრაციებში მონაწილეობას იღებს ათიათასობით ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ლუკაშენკას მცდელობას, კვლავ გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG